"მას შემდეგ, რაც გავხდი დედა შემიძლია 24 საათი ვითამაშო მათთან ერთად" - ლელა მებურიშვილი შვილებზე საუბრობს - Marao

"მას შემდეგ, რაც გავხდი დედა შემიძლია 24 საათი ვითამაშო მათთან ერთად" - ლელა მებურიშვილი შვილებზე საუბრობს

2025-09-26 14:17:35+04:00

მსახიობი ლელა მებურიშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს. ლელას მეუღლე დიპლომატი ბაჩო საგანელიძეა. 

ლელა ხშირად აქვეყნებს ბრიტანული ცხოვრების კადრებს ოჯახთან ერთად. ამჟამად სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა შვილებთან ერთად, სადაც ბავშვებსა და მათ სიყვარულზე საუბრობს.

"ჩემი ყველაზე საყვარელი თემაა ბავშვები. სანამ შვილები მეყოლებოდა, მანამდეც ვგიჟდებოდი ბავშვებზე და მათთან თამაშზე. შემეძლო სრულიად უცხო ბავშვთან მივსულიყავი და დამეწყო თამაში. მას შემდეგ, რაც გავხდი დედა შემიძლია 24 საათის მანძილზე ვითამაშო მათთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დაღლილი ვიყო, ეს არის ჩემი საყვარელი საქმიანობა. 

ადრე ცოტა უფრო მსუბუქად ვუყურებდი ამ ყველაფერს. სასიამოვნოა და ბევრი სხვა შეგრძნებაც არის,  სიხარული, სითბო, უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველდღიურად, შიში, ნერვიულობა, ყველა ემოციას ერთად გრძნობ, როცა ბავშვებზე ფიქრობ და იმ  წამსვე, როცა დედა ხდები, სხვა სამყაროში გადადიხარ, შენს თავს ივიწყებ და პირველად იწყება ფიქრი როგორ ასიამოვნო, როგორ იზრუნო და მზად ხარ ძალიან დაღლილიც კი ადგე შუა ღამეს და გაუკეთო ის, რასაც სხვას არ გაუკეთებდი" - ამბობს ლელა მებურიშვილი.

ლელა მებურიშვილის იუბილარია: 45 წლის მსახიობის ახალი თავგადასავალი, ლონდონური ცხოვრება და ორი შვილი 

ლელა მებურიშვილი ოჯახი

მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. წარმატებული კარიერის, საზოგადოების სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ლელამ ოჯახთან ერთად ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. 

"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

"საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ასოცირდება მზესთან და სითბოსთან, იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს და ვისთან ყოფნაც მიხარია. რამდენიმე წლის წინ ჩემი ოცნება იყო, შევხვედროდი საინტერესო ადამიანებს, გამეცნო ისინი. მიხარია, რომ ეს ოცნება ამიხდა. ლონდონში ბევრ ცნობილ მსახიობს შევხვდი. ჰიუ გრანტი, ორლანდო ბლუმი... ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვის და უდიდესი სიამოვნებაა მათთან საუბარი, გაცნობის შესაძლებლობა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინიც ნამდვილად ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არ გაგრძნობინებენ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიეს."