ნიკოლა სარკოზი არის ფიგურა, რომლის შესახებაც საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ ბევრს საუბრობენ. ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მმართველობაც ბევრი წინააღმდეგობით და ხმაურით იყო სავსე, დღესაც მუდმივად მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა – ხან პოლიტიკის გამო, ხან სასამართლო საქმეებით, ხან კი პირადი ცხოვრებით. მას ბრალს სდებენ კორუფციასა და სხვა სამართლებრივ დარღვევებში.
ნიკოლა სარკოზი 1955 წლის 28 იანვარს პარიზის გარეუბანში, ნეი-სურ-სენში დაიბადა. მისი ოჯახი მრავალფეროვანი წარმოშობისაა: მამა უნგრელი ემიგრანტი გახლდათ, ხოლო დედა ბერძნულ-ებრაული ფესვებით გამოირჩეოდა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა შეუპოვრობით და ამბიციით. მან იურიდიული განათლება მიიღო და ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში.
სარკოზის პოლიტიკური კარიერა თანდათან, მაგრამ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. ჯერ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოღვაწეობდა, შემდეგ საფრანგეთის მთავრობის სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას მან გაითქვა სახელი, როგორც მკაცრმა და ხისტმა რეფორმატორმა.
2007 წელს სარკოზიმ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ელისეს სასახლის ბინადარი გახდა. მისი მმართველობის პერიოდი გამოირჩეოდა აქტიური საგარეო პოლიტიკით, ეკონომიკური რეფორმების მცდელობებითა და მკაცრი გადაწყვეტილებებით. თუმცა კრიტიკა და სკანდალებიც არ აკლდა – ზოგი მას "ენერგიულ ლიდერს" უწოდებდა, ზოგიც კი ზედმეტად ავტორიტარულ სტილს საყვედურობდა.
ნიკოლა სარკოზი საქართველოშიც იმყოფებოდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა და ქართველი ხალხის გვერდით დადგა. მაშინ როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა სწორედ სარკოზი – იმ დროისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე – ჩამოვიდა თბილისში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. ის 12 აგვისტოს ჩამოფრინდა თბილისში. სარკოზის შუამავლობით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის.საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნიკოლა სარკოზი დღემდე ასოცირდება 2008 წლის ომის მძიმე დღეებთან.
ნიკოლა სარკოზის პირადი ცხოვრება არანაკლებ საინტერესოა. ის სამჯერ იყო დაქორწინებული და ოთხი შვილის მამაა.
პირველი ქორწინება მარი-დომენიკ კიულიოლთან ჰქონდა. მათ ორი ვაჟი ჰყავთ – პიერი სარკოზი, რომელიც დიჯეი და მუსიკოსია, და ჟანი სარკოზი, რომელიც პოლიტიკაში წავიდა.
მეორე მეუღლე იყო სესილია ატიასია. მათ ერთი შვილი ლუი სარკოზი ჰყავთ.
2008 წელს სარკოზიმ იქორწინა ცნობილ იტალიელ-ფრანგ სუპერმოდელზე და მომღერალზე, კარლა ბრუნიზე. მათ ერთობლივმა ისტორიამ კიდევ უფრო მეტად მიიპყრო მედიის ყურადღება. წყვილს 2011 წელს ქალიშვილი ჯულია სარკოზი შეეძინათ.
კარლა ბრუნი, რომელიც თავის კარიერაში ჯერ სუპერმოდელი, შემდეგ კი მუსიკოსი გახდა, სარკოზის გვერდით არა მხოლოდ მეუღლის, არამედ პარტნიორის სტატუსითაც მოიაზრება. მათ სიყვარულზე ხშირად საუბრობენ, რადგან მათი ურთიერთობა პოლიტიკისა და ხელოვნების შეხების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. კარლა აქტიურად იცავს ქმარს საზოგადოებაში და ხშირად აცხადებს, რომ სარკოზი მისი ცხოვრების მთავარი საყრდენია.