გაიცანით უფრო ახლოს ნიკე ჩაჩანიძე, რომელმაც 7 წლის ასაკში მიწის ნაკვეთი საკუთარი ფინანსებით იყიდა და რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება - Marao

გაიცანით უფრო ახლოს ნიკე ჩაჩანიძე, რომელმაც 7 წლის ასაკში მიწის ნაკვეთი საკუთარი ფინანსებით იყიდა და რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება

2025-09-26 16:38:48+04:00

ნიკე ჩაჩანიძეს, ალბათ, ყველა იცნობს და ყველას ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ მან, ძალიან პატარა ასაკში, თავის გამომუშავებული ფინანსებით მიწის ნაკვეთის ყიდვა შეძლო და მალე საკუთარ ოცნებასაც აისრულებს.

nike_chachanidze

ნიკე ჩაჩანიძე

- ჩემი შემოსავლებით მიწის ნაკვეთი ვიყიდე. ყველაფერი ბურბუშელის ჭამით და პირამიდების გახსნით შევძელი. მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში ვიყიდეთ და მალე იქ სახლს ავაშენებთ. ჩვენ ახლა პატარა სახლში ვცხოვრობთ. მინდოდა, უფრო დიდი გვქონოდა და ამიტომ გადავწყვიტე, მიწის ნაკვეთი გვეყიდა.

– როგორი უნდა იყოს შენი ახალი სახლი?

– მინდა, მასში ჩემი ოთახი მქონდეს. კედლებზე გოგონებისთვის ლამაზი შპალერი იყოს, ღია ვარდისფერი. ეს ჩემი საყვარელი ფერია და მინდა, ნივთებიც, ძირითადად, ვარდისფერი იყოს. სათამაშოების კარადაც მინდა, რომელშიც ბევრ სათამაშოს დავალაგებ. წიგნების თაროც მინდა. ჩემს ძმასაც ვუკეთებ ოთახს. იქ ერთი კარადა უნდა გავაკეთოთ და ამ კარადის კარს რომ გააღებ, ჩემს საიდუმლო ოთახში შეხვალ. ამ ოთახში მეგობრებს შევიყვან ხოლმე და გავერთობით. დიდი ორსართულიანი სახლი მომწონს და ასეთი უნდა ავაშენოთ. მინდა, რომ მისაღები ოთახიც ძალიან ლამაზი იყოს.

– როდის იწყებთ მშენებლობას?

 – ზაფხულში დავიწყებთ. მამიკო მშენებელია და ყველაფერს თვითონ გააკეთებს.

– მოდი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რამდენი წლის ხარ, ანუ რა ასაკში მოახერხე მიწის ნაკვეთის ყიდვა საკუთარი შემოსავლით.

– 7 წლის ვარ.

– როცა გაიგეს, რომ შვიდი წლის ასაკში ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეძელი, რას გეუბნებოდნენ, სოციალურ ქსელებშიც რას გწერენ ამასთან დაკავშირებით?

– ძალიან კარგი რეაქციები აქვთ, გაოცებულები არიან, მილოცავენ. მწერენ, მაგარია, რომ ამდენი შეძელი 7 წლის ასაკშიო.

– სკოლასთან ერთად, რით ხარ დაკავებული, ყოველდღიურად რას აკეთებ?

– დავდივარ ცეკვაზე, ხატვაზე, ინგლისურზე. მთელი დღე აქტიური ვარ და ეს ძალიან მომწონს, არ მღლის. ყველაზე მეტად ცეკვა მომწონს, შემდეგ – ხატვა. გაკვეთილებიდან ყველაზე მეტად სპორტი და კომპიუტერი მიყვარს, ასევე, ჭადრაკი და მათემატიკა. ცოტა ნაკლებად მიყვარს ბუნება, იმიტომ, რომ სულ ტექსტებს გვაძლევენ დასამახსოვრებლად.

– რამდენად პრანჭია გოგო ხარ?

– ძალიან პრანჭია ვარ, სულ ვიპრანჭები. მიყვარს დედიკოს საპრანჭავების მოპარვა და გამოყენება. მე თვითონ ვარჩევ, რა ჩავიცვა, თმა როგორ გავიკეთო, მაგრამ ზამთარშიც რომ კაბების ჩაცმა მინდა, ეგ არ არის კარგი.

– რა დროს უთმობ ვიდეოების გადაღებას?

– ჩემთვის ერთი დღე იმხელაა, ათ დღეს უდრის, ძალიან ბევრ რამეს ვასწრებ, თან მიყვარს აქტიური რომ ვარ.

– ახლა დედიკოსაც ვკითხოთ: ხატია, როგორ გადაწყვიტეთ, მიწის ნაკვეთის შეძენა? შვიდი წლის ასაკში რომ ასეთი რამ მოახერხოს ბავშვმა საკუთარი შემოსავლით, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ ბევრს არ გაუგია. ასეთი ინვესტიციის გაკეთებას, მშობლის მხრიდან, ძალიან დიდი მხარდაჭერა და სწორად წარმართული პროცესები სჭირდება.

ხატია ფარსმანაშვილი (ნიკეს დედა): ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ნიკეს თავისი შემოსავალი ყოველთვის ჰქონდა. იცოდა, რეკლამებში რომ გადაიღებდნენ, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდა და ამბობდა ხოლმე, რისი ყიდვაც უნდოდა. თუმცა, ყველაფერს არ ვხარჯავდით, თანხის ძირითადი ნაწილი რჩებოდა და ბანკში ვუგროვებდით. როცა უკვე დიდი თანხა დაგროვდა, ვუთხარით, რომ მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელება შეეძლო. ნიკეს ძალიან უნდოდა დიდი სახლი საკუთარი დიდი ოთახით. ეს სურვილი დიდი ხანია, აქვს და ვუთხარით, რომ უკვე შესაძლებელი იყო განხორციელება. მიწა ძალიან ლამაზ ადგილას ვიყიდეთ. გვინდა, უკვე ზაფხულში დავიწყოთ მშენებლობა, მაგრამ ალბათ, დროში გაიწელება. ამასაც ხომ ფინანსები სჭირდება. როგორც ნიკემ თქვა, მამიკო დაიწყებს შენებას.

nike_chachanidze

– დარწმუნებული ვარ, ბევრ მშობელს აქვს პრობლემა, რა უყიდოს ბავშვს და რაზე უთხრას უარი, როგორ დაიცვას ოქროს შუალედი მისი სურვილების განხორციელების დროს. ნიკეს თავისუფლად შეუძლია, მოითხოვოს, თავის გამომუშავებული თანხით, რაც მოუნდება, ის იყიდოს და აქ, ალბათ, მშობელს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ასწავლოს, რაში შეიძლება თანხის დახარჯვა და რაში არ არის მიზანშეწონილი. როგორი მიდგომა გაქვთ?

– ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. ვეუბნები, რომ ვერ ექნება ის ყველაფერი, რაც მას შეიძლება, მოუნდეს. ყველას ყველაფერი ვერ ექნება, ეს ბუნებრივია. გვაქვს დღეები, როცა სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, შეუძლია, იყიდოს, რაც უნდა, რაც გაახარებს, თუმცა, ეს – იშვიათად. უმეტესად, ვსაუბრობთ, რომ ფულის გაფლანგვა არ შეიძლება. ვთხოვ ხოლმე, რომ კარგად დაფიქრდეს და გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მართლა მნიშვნელოვანი. ამას რომ ვეკითხები, მეუბნება, მინდა, დიდი სახლი მქონდესო და იწყებს მის აღწერას. ალბათ, ეს ყველაფერი დაგვეხმარა თანხის მოგროვებაში. ნიკემ ძალიან კარგად იცის, რა თანხებთან აქვს შეხება. მათემატიკა უკვე კარგად იცის და მშვენივრად ითვლის. ადრე არ იცოდა, ძალიან პატარა იყო და არც თავის ფინანსებთან ჰქონდა შეხება. ახლა ვეღარ მოატყუებ. ზუსტად იცის, რომელ რეკლამაში რამდენს იღებს და რა თანხა აქვს, ამიტომ მთავარია, მისი სწორად წარმართვა იცოდეს, თავისი ასაკის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ოცნებების ასრულებაზე უარს არ ვეუბნებით, მაგრამ ზომიერებასაც ვასწავლით. მაგალითად, თუ სკოლაში 20 ლარის წაღება მოუნდება, ვეუბნებით, რომ ეს არ არის საჭირო, რომ საკვებს გაცილებით მცირე თანხა სჭირდება. ანუ, გარკვეული შეზღუდვები გვაქვს.