დოდო გვიშიანის ლექსებზე შექმნილი სიმღერები ყველა თაობის მსმენელისა და შემსრულებლისთვის საყვარელი ჰიტებია, თუმცა ავტორის შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. "დავალ საყვარელ ქუჩებში და მიხარია", "მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ?!" "ლოდინის გზაზე სანთელივით სული მელევა", "რა მინდოდა, რა ტყუილად ვმღეროდი", "ზეცამ გიმრავლოს შვილები, როგორც ვარსკვლავნი ცისანი", "ომში წასულო ვაჟკაცო", "რატომ ციმციმებ ბედის ვარსკვლავო"... ეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერების არასრული ჩამონათვალია.
თამარ გვიშიანი, დოდო გვიშიანის ძმის შვილიშვილი:
- ქალბატონი დოდო პაპაჩემის და გახლდათ, ის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო, გარდა იმისა, რომ საოცარ ლექსებს წერდა, იყო კოსმეტოლოგი, კარგად ხატავდა, ძერწავდა. მისთვის პოეზია სულიერი საზრდო იყო. როგორც ჩანს, ნაკლებად იყო სიცოცხლეში მონდომებული, საკუთარი თავის წარმოჩენაზე. პატარა რომ ვიყავი, ერთ დღეს პაპამ ოჯახი შეგვკრიბა, პირველ არხზე დოდოზე მომზადებული გადაცემა გადიოდა. იქ საუბარი იყო მასზე, როგორც პოეტზე, შემოქმედებით პიროვნებაზე, თურმე ლექსებსაც უძღვნიდნენ. როგორც ვიცი, ნახატების გამოფენაც ჰქონდა. ჩვენს ოჯახში დოდოს 3 კრებული ინახება. ძალიან ახლობლობდა ნანი ბრეგვაძესთან, ეთერ კაკულიასთან... ჟანეტა არჩვაძესთან დაქალობდა. დოდო გვიშიანი 91 წლის ასაკში, 2011 წელს გარდაიცვალა.
კეკელიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, სტუდენტობის დროს ხშირად ვსტუმრობდი, მასთან საუბარი მიყვარდა. ბოლოს ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა, მეუბნებოდა, შენ მე ძალიან მგავხარ და იცოდე, წონაში არ მოიმატოო. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და მის გაფრთხილებას ბოლომდე ვერც ვიაზრებდი. გამორჩეულად მახსოვს ის დღეები, პაპასთან სოფელში რომ მოდიოდა. მათი შეხვედრები სპექტაკლი იყო. პაპა გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში ცხოვრობდა. 3 დედმამიშვილი იყვნენ, თბილისში დაბადებულები და გაზრდილები, მაგრამ დედულეთი გორში ჰქონდათ და ჩემი პაპა იქ დაფუძნდა. ქალბატონ დოდოს ამ სოფელში პაპასთან ერთად, მთელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული. შეხვედრების დროსაც იმდროინდელ ამბებს იხსენებდნენ, ერთმანეთს ლექსებით ეპაექრებოდნენ. კალამი პაპასაც უჭრიდა, უფრო იუმორისტულ სხარტულებს წერდა, თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი ლექსიც ჰქონდა დაწერილი.
ძალიან ვწუხვარ, ამ შეხვედრების არანაირი ჩანაწერი რომ არ მაქვს. პაპა დამიძახებდა ხოლმე, მოდი ჩემთან, აბა, ჩაიწერეო და სტროფებს მაწერინებდა. საბოლოოდ არაჩვეულებრივი ლექსი გამოდიოდა. ახლახან სოფელში რვეული ვიპოვე და ბევრი რამ ვეღარ ამოვიკითხე, გული მეტკინა.
- ქალბატონი დოდოს ოჯახზე რას გვეტყვით?
- დოდო გვიშიანის მეუღლე კარლო ჯორჯანელი, ცნობილი გერმანისტი, შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი პირველი მთარგმნელია. ვაჟი ჰყავდათ - რამაზი, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მეცნიერი გახლდათ, უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი იყო.