28 სექტემბერს გიორგი გოგიჩაიშვილისა და ნათია ბანძელაძის ქორწინებიდან 37 წელი გავიდა. ნათია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საუბრობს თუ როგორ ცხოვრობს გიორგის გარეშე.
"მზეს ვესალმები, ჩვენი 37, ახალი თამაში გამოვიგონე, გიო! როგორ ხარ? რას შვრები? მგონია, რომ ყველაფერი ვიცი შენი - რა გაცვია, როგორ ხასიათზე ხარ, მჯერა, რომ მანდაც კი რაღაცები გიხარია... სულ გაღიმებულს გხედავ და მაინც ბედნიერს, რადგან ერთი დიდი სიყვარულის გორგალი ხარ, აი, რომ გაგორდება ხოლმე და ყველაფერს თავის ძაფებში ხლართავს, მზესავით ხარ, ყველას რომ სწვდები და ყველასთან რომ რჩები, ღამით ისიც "ქრება". დილას ყველა ველოდებით...
ჰოდა, მზედ გადაგაქციე და ასე გეთამაშები ახლა. როცა დილას ვიღვიძებთ მე, აივი და ავა გესალმებით, ვიცით, რომ შენ გვიცინი, ვიცით, რომ კეთილ ადამიანებს შენ გვიგზავნი... მაგრამ ხანდახან მაინც გული მეგლიჯება, რანაირად არ ხარ! რანაირად!
მადლობ ყველა წუთისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის, დარიგებისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემო საოცარო ადამიანო. მადლობა იმისთვის, რომ "არყოფნაშიც" კი ახერხებ ჩემთან და ჩვენთან ყოფნას! ბაბუ, გვიყვარხარ, მაგრამ უშენოდ თამაშიც კი აუტანელია...
28 სექტემბერი ჩვენი დღეა და არც გაჩერდება ერთობის ათვლა. ჩვენ ჩვენი გამოგონილი ენა გვქონდა და ზუსტად გვესმოდა ერთმანეთის... ახლა უბრალოდ სიჩუმეც გვესმის... შენ ამ სიჩუმეში გულის ცემა ხარ", - წერს ნათია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა "ვიცე-მის საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
„სხვა განზომილებაში, სხვა ათვლაში, სხვა სიშორით და უფრო მეტი ერთად ყოფნით, უკვე 5 წელი ვართ. აქაც მასწავლი, როგორი ვიყო, როგორ არ დაგკარგო და როგორ გიგრძნო, როცა მჭირდები და მენატრები, როცა ძალიან მტკივა და ვიკარგები! საოცარი ბიჭი ხარ, იქიდანაც კი საოცარი … მაგრამ არ მომწონს ეს ჩვენი ახალი თამაში, უფერო, უხმო, ცივი… მადლობა იმ სიფერადისთვის, რაც მაჩუქე და ერთად მარადისობად ვაქციეთ…
უკვე ბევრი ვართ მე, ნანუკა, ნინი, აივი, ავა. და შენც სხვა ხარ უკვე, გოგიჩა ბაბუ, რომელიც სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ხარ... მიყვარხარ… მენატრება ჩვენი ამბები…“, – წერდა ნათია ბანძელაძე.