ორი წლის წინ 58 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბესო მეგრელიშვილი.
ბესო მეგრელიშვილმა 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (პროფ. ლილი იოსელიანის კლასი). ინსტიტუტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში. პირველივე სპექტაკლში "ბედნიერი ბილეთი" მიიქცია საზოგადოებისა და თეატრმცოდნეების ყურადღება.
შალვა გაწერელიას თეატრიდან წასვლის შემდეგ, მუშაობა განაგრძო სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში, რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიასთან. სწორედ მასთან ტანდემში შექმნა გამორჩეული, დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები. უფრო ფართო აუდიტორიამ ბესო მეგრელიშვილი პოპულარული ტელესერიალებიდან გაიცნო, მათ შორის იყო: "ჩემი ცოლის დაქალები", "ყავა და ლუდი", "ჩვენი ოფისი", "ჩიფსების თაობა", "კლინიკა" და სხვ.
ბესო მეგრელიშვილის მეუღლე ასევე მსახიობი ეკა თვაური იყო, თუმცა მასთან შეხვედრამდე ბესომ ორჯერ იქორწინა. მისი მეგობარი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი ambebi.ge-ისთან ინტერვიუში მსახიობის პირად ცხოვრებაზეც საუბრობდა:
"როგორც ბევრ, ბოჰემის მოყვარულ მამაკაცს, ბესოსაც რამდენიმე ოჯახი ჰყავდა... მისი ახლანდელი მეუღლე პროფესიით მსახიობია, ჩვენს თეატრშიც მოღვაწეობდა - ეკა თვაური. მასთან ქორწინებაში გოგონა ჰყავს. ბესო 18 წლის იყო, მამა რომ გახდა. პირველ მეუღლესთან ჰყავს ქალიშვილი და მას უკვე ორი შვილი ჰყავს. მეორე მეუღლესთან ვაჟი ჰყავს, რომელმაც უკვე ინსტიტუტი დაამთავრა და აიტის სპეციალისტია", - ამბობდა დიმიტრი ხვთისიაშვილი.
მეუღლის, ბესო მეგრელიშვილის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ეკა თვაურმაც ისაუბრა:
„ბესო თრომბით გარდაიცვალა. საყრდენი გამომეცალა. ბესო ისეთი საყრდენი იყო ჩემთვის, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. საყვარელი მამაკაცის სითბოს დეფიციტს განვიცდი. ბესო რომ მოეკლათ, პიროვნულად არ მიღალატებდა. დარწმუნებული ვარ, გადამეფარებოდა კიდეც, სულ ჩემს მხარეს იქნებოდა. შემეძლო, ბეწვის ხიდზე თვალდახუჭული გავყოლოდი, ისიც გამომყვებოდა თვალდახუჭული. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. ჩემი აზრი მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
- თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ოჯახი მეორედ შექმნათ?
არა და აგიხსნით, რატომ. გარდავლილი ადამიანის ბევრი გლოვა არ შეიძლება. ტკივილი მუდამ შენთან იქნება, მაგრამ ცხოვრება მიედინება და გინდა, არ გინდა, არ უნდა ჩამორჩე. ბესოს გლოვა არ უყვარდა, ჩემი მამამთილი რომ გარდაიცვალა, ორმოცამდე შავები მეცვა, ბესო სულ მეჩხუბებოდა, შავები გაიხადეო. ბესო რომ გარდაიცვალა, 40 დღე შავები მეცვა. მერე შავი გავიხადე, თვალები შევიღებე და თავი მოვიწესრიგე, ცხოვრება მიდის და უნდა გაიხარო ცხოვრებით.
იცით, რას მივხვდი? როცა წყვილი ერთმანეთს ეყრება, ადამიანს სულ სხვა ფსიქოლოგიური განწყობა აქვს. იცი, რომ ის თავის ცხოვრებას მიხედავს და შენ შენსას უნდა მიხედო. როცა წყვილიდან ერთ-ერთი გარდაიცვლება, მეორე ვერ ღალატობს. მისი გარდაცვალებით მოყენებული ტკივილი იმდენად მძიმეა, რომ მერე ღალატი გიჭირს. ის ღვთის წინაშე შენს მეუღლედ რჩება, ჯვარდაწერილ მეუღლედ, უბრალოდ, სხვადასხვა განზომილებაში ხართ. ვიღაცას თუ სურს მეორედ გათხოვდეს და შექმნას მეორედ ოჯახი, ეს მისი ნებაა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, ამიტომ მეორედ აღარ შევქმნი ოჯახს. შინაგანად სულ ჩემშია, ვესაუბრები… როცა ასეთი უხილავი კავშირი გაქვს, როგორ შეიძლება, სხვა შემოუშვა შენს სამყაროში?!“