ყველა დეტალი ბოლო დროის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილის შესახებ: სელენა გომესის ზღაპრული ქორწილი - Marao

ყველა დეტალი ბოლო დროის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილის შესახებ: სელენა გომესის ზღაპრული ქორწილი

2025-09-29 14:23:23+04:00

27 სექტემბერს ერთ-ერთმა პოპულარულმა შოუბიზნესის ვარსკვლავმა სელენა გომესმა, მუსიკოს ბენი ბლანკოზე ოფიციალურად იქორწინა. წყვილმა ქორწილის ცერემონია კალიფორნიაში, სანტა ბარბარაში ჩაატარა. წვეულება დახურულ გარემოში გაიმართა. მიუხედავად წვეულების კონფიდენციალურობისა, წვეულების შესახებ მედიაში გარკვეული ინფორმაცია მაინც გავრცელდა. სელენამ თავად გამოაქვეყნა ქორწილის კადრები.

  • სელენა გომესი ორსულადაა? - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პოპულარული ვარსკვლავის შესახებ 

ქორწილი დახვეწილობისა და ელეგანტურობის ელფერს ატარებდა.  სტუმრებს შორის იყვნენ მსოფლიო ვარსკვლავები -  ტეილორ სვიფტი, სტივ მარტინი, მარტინ შორტი, პარიზ ჰილტონი და სხვა ცნობილები. სტუმრები სპეციალური ავტობუსებით მიიყვანეს საიდუმლო ლოკაციაზე, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო პრივატულ იერს აძლევდა. საღამო ემოციური აღმოჩნდა - წყვილმა პირადად დაწერა და წაიკითხა სიყვარულის ფიცი, წვეულებაზე კი მუსიკა და ცეკვები დიდხანს გაგრძელდა. 

ყველაზე დიდი ყურადღება, რა თქმა უნდა, სელენას კაბამ მიიქცია. მომღერალმა Ralph Lauren–ის მოდის სახლის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი კაბა მოირგო. ეს იყო ელეგანტური, მაქმანებიანი კაბა ღია ზურგით და ყვავილების ნაზი დეტალებით. კაბას ემატებოდა გრძელი შლეიფი, რომელიც ელეგანტურობას და დახვეწილობას მატებდა. საღამოს სელენამ მეორე კაბა მოირგო, რომელიც ასევე Ralph Lauren–ის მიერ იყო შექმნილი, რომელიც უფრო თამამი და თანამედროვე დიზაინის ელემენტების მატარებელი იყო. 

სამკაულებიც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო: სელენა ცერემონიაზე  Tiffany & Co-ს 12-კარატიან ბრილიანტის საყურეს ატარებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ნიშნობის ბრილიანტის ბეჭედი, რომლის დიზაინის შექმნაში თავად გომესმაც მიიღო მონაწილეობა. ბენი ბლანკომ სოციალურ ქსელებში გააზიარა ფოტოები, სადაც სელენას უზარმაზარი მაქმანებიანი შლეიფი და ბრწყინვალე ბეჭდები ჩანს. 

  • 10 ცნობილი ქალის ყველაზე გამორჩეული ნიშნობის ბეჭედი 

რაც შეეხება ხარჯებს, ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მოდის კრიტიკოსების შეფასებით, Ralph Lauren–ის მიერ შექმნილი კაბა ასი ათას დოლარზე მეტი უნდა ღირდეს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ მეორე კაბის ღირებულება, Tiffany & Co–ს ძვირადღირებული სამკაულები და მაღალი დონის ორგანიზება, რაც ქორწილს უფრო მეტად ფუფუნების იერს სძენს.

სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ქორწილი არა მხოლოდ სიყვარულის დღესასწაული, არამედ სტილისა და ელეგანტურობის ნამდვილი ზეიმი აღმოჩნდა. ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სელენსა გომესი მხოლოდ მუსიკისა და კინოს ვარსკვლავი არ არის, მას მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა შეუძლია მოდის სფეროშიც.