"ტიკტოკზე ასეთი ტრენდია - სამშობიაროდან დედა გამოდის და, როცა ყველა პატარასთან შეხვედრას ელოდება, ის უფროს შვილს ეხუტება და კოცნის.
ნინი რომ დაიბადა, ლენო 4,5 წლის იყო, მე კი, რატომღაც, ძალიან დიდი მეგონა და, ალბათ, როგორც დიდს, ისე ვექცეოდი და ვთხოვდი ხოლმე რაღაცებს. არადა, რა პატარა იყო, ალბათ, როგორ განიცდიდა თავის პატარა გულში და ფიქრობდა, ისე აღარ ვუყვარვარ დედასო.
ლენო, მაპატიე, ყოველთვის მიყვარხარ! მაპატიე, თუ გული ოდესმე გატკინე.
პატარა რომ გეყოლებათ, ჩაეხუტეთ უფროს შვილიკოებს, რომ იგრძნონ, რომ ისევ ისეთი მნიშვნელოვანნი არიან, ისევ ისე უყვართ და ისევ ისე ყურადღების ცენტრში არიან და, რაც მთავარია, ისევ ავსებენ დედის გულს.
ოჰ, რამდენ რამეს შევცვლიდი, წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს... ყველა ჩემს შეცდომაზე მეტირება და დანაშაულის გრძნობა მაქვს. ლენო, მენატრები..." - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ლულუ კახიანი.

ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილი - ლენო გვარჯალაძე
ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც 14 წლის ლენო გვარჯალაძე ემსხვერპლა, თბილისში 2019 წლის ივნისში მოხდა. მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ლენო (ელენე) გვარჯალაძე ცნობილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის და პროდიუსერისა და კომპოზიტორის, გიორგი გვარჯალაძის შვილი იყო.
14 წლის ლენო 2019 წლის აპრილში თბილისში მომხდარი ავარიის დროს დაღუპულ ნიკა ჯორჯაძესთან და ბექა (ბიკი) ჭიღიტაშვილთან (ეს უკანასკნელი ავარიიდან ერთ თვეში, საავადმყოფოში გარდაიცვალა) მეგობრობდა. ბოლო პოსტი, რომელიც ლენო გვარჯალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, გარდაცვლილ მეგობარს ეძღვნებოდა:
"ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს. ყველაზე მეტად მიყვარხართ. ყოველთვის მეყვარებით. დამელოდეთ. არსად წახვიდეთ. მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით. ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას. მენატრებით".