ყოფილი რძალ-დედამთილი, ხათუნა ხოფერია და თიკა ჯამბურია უკვე არაერთი წელია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან. მათ საკუთარ ურთიერთობაზე საჯაროდ არაერთხელ უსაუბრიათ და ორივე აღნიშნავს, რომ „ყოფილი“ მათ დამოკიდებულებას არ შეესაბამება - მიუხედავად მეუღლესთან განქორწინებისა, თიკა დედამთილთან მეგობრულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს. ხათუნამ კი არაერთხელ განმარტა, რომ მისი შვილიშვილის დედასთან შეუძლებელია, ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს.
ამჯერად ამ თემაზე თიკა ჯამბურიამ გადაცემა „კულინარიულ დუელში“ ისაუბრა, სადაც სწორედ ხათუნა ხოფერიასთან ერთად იმყოფებოდა:
“მე ფეთქებადი ვარ, ხათუნა უფრო თავშეკავებულია. სულ მეუბნება: "გაატარე", მაგრამ არ შემიძლია. თავად თუ ბედავენ, მეც შემიძლია, ყველას სათანადო პასუხი გავცე. ამაში მე და ხათუნა ერთმანეთს არ ვგავართ.
ხშირად ბულერი ხალხი ცდილობს, ხათუნას გამო რაღაცაზე ცუდად მიპასუხოს. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრების განმავლობაში, რა გზაზეც არ უნდა წავიდეს ხათუნა და რა გზაზეც არ უნდა წავიდე მე, ვერასოდეს "გადავახტები" ჩვენს პატივისცემას, ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულს.
ხათუნა არის ისეთი ბებია და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩვენი სიყვარულის ამომავალი წერტილი ეს არის. ხათუნას, როგორც ქალს, ძალიან ვაფასებ. უძლიერესი ქალია, ჩემთვის, სამაგალითოა. შეიძლება ითქვას, რომ დედასავით მიყვარს. ჩემი მეორე დედაა. დღე არ გადის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონდეს", - ამბობს თიკა ჯამბურია.

თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია
ხათუნა ხოფერია 19 წლის ასაკში დაქორწინდა ვლადიმერ ხოფერიაზე, რომელთანაც 18 წელი იცხოვრა და ორი ვაჟი, რევაზი და ბექა, ჰყავს. ბექა ხოფერია გამორჩევა ხმაურიანი პირადი ცხოვრებით და წლების მანძილზე მედიის ყურადღების ობიექტიც არაერთხელ გამხდარა.
ამჟამად ბექა ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, თუმცა მისი მეგობარი გოგონა, ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკიძის ყოფილი რძალი, ნუცა ადამიაა. ბექა ხოფერიას პირველი მეუღლე მომღერალი თიკა ჯამბურია იყო. რომელთანაც ქალიშვილი, ნინა, ჰყავს. მათი ურთიერთობა დასრულდა გარკვეული დროის შემდეგ. ამ განშორების შესახებ საჯაროდ თიკა ჯამბურია ხშირად საუბრობდა და ამბობდა, რომ მეუღლესთან განქორწინება მტკივნეულად გადაიტანა, თუმცა თიკა და ბექა დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და ქალიშვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.