"არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს დაუმსახურებლად ექცევიან. მხოლოდ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ. სხვა ადამიანსაც რომ დაუმსახურებლად ექცევიან, შემიძლია, გამოვესარჩლო და დავიცვა.
ცოტა ხნის წინ ლადო ბურდულის ძალიან კარგი ინტერვიუ ვნახე. ის ამბობდა: "ადამიანებზე, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ ან ჩემზე ცუდად ლაპარაკობენ, ძალიან ვბრაზდებოდი. თუმცა, შემდეგ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ისინი ჩემზე ნაკლებად განათლებულები არიან. ჩემზე ნაკლებად წარმატებულები არიან. არაფერი გაუკეთებიათ იმაზე მეტი, რაც მე მაქვს გაკეთებული და აღარ ვბრაზდები."
მეც აღარ ვბრაზდები... მივხვდი, რომ ძალიან კარგი გოგო ვარ. ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული და კიდევ ბევრს გავაკეთებ. ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც მე არ მოვწონვარ, დაე, არ მოვწონდე. მთავარია, იმ ადამიანებს ვუყვარვარ, ვინც მე მიყვარს", - თქვა თიკა ჯამბურიამ გადაცემა "კულინარიულ დუელში" სტუმრობისას.
თიკა ჯამბურია ბულინგისა და ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ხშირად საუბრობს, რადგან კრიტიკის ობიექტი ბოლო დროს თვითონაც არაერთხელ გახდა, ამის მიზეზი კი მისი სიმღერის ტექსტი გახდა.
მომღერალ თიკა ჯამბურიას საქართველოში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ, იმ დროს მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები". , 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.
თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.