შემოდგომის მოსვლასთან ერთად, უამრავი ოჯახი ზამთრისთვის წინასწარ იწყებს მზადებას საწებლების, კომპოტებისა და მურაბების თუ სხვა დაკონსერვებული პროდუქტის მომარაგებით. დიასახლისები სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, ინტერესი კი ნაცადი რეცეპტების მიმართ ყოველთვის მაღალია.
ჩვენს მკითხველს განსაკუთრებით უყვარს ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტები. მის მიერ გაზიარებულ პომიდვრის საწებლის რეცეპტს ათასობით ნახვა აქვს. ამჯერად არანაკლებ საინტერესო და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ, რა თქმა უნდა, ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან:
წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძისგან
"ვიღებთ ყვითელ წიწაკას და ვჩხვლეტთ ჩანგლით, რომ არ გაიბეროს და ჰაერი შევიდეს. წითელი წიწაკა არ სჭირდება, მაგრამ ქილა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, შეგვიძლია ორი ცალი ჩავდოთ კიდეც - საჭმელი გემრიელიც უნდა იყოს და ლამაზიც.
ამ დაჩხვლეტილ წიწაკებს ადუღებულ ზეთში ვყრით და სულ 5 წუთით ვაჩერებთ, შემდეგ ამოგვაქვს. თუ დიდხანს გააჩერებთ წიწაკას ზეთში, ის ჩაიშლება. ჯობია, დააკლოთ ხარშვა, რადგან ქილების გასტერილების დროს ისედაც იხარშება.
პარალელურად, ვადუღებთ ზეთსა და ძმარს შაქართან ერთად. 10კგ წიწაკას 0,5ლ ძმარი სჭირდება.
ამის შემდეგ უნდა გავამზადოთ მწვანილები. საშუალო ზომაზე ვჭრით ქინძს, ოხრახუშს, კამას. დაჭრილ მწვანილებს ვაყრით გამზადებულ წიწაკას და ვამატებთ მარილს. კარგად გადავურევთ ამ ყველაფერს და ვათავსებთ ქილებში, სილამაზისთვის ვდებთ წითელ წიწაკას. ქილაში ვასხამთ უკვე გამზადებული ზეთის და ძმრის წვენს. ვახურავთ თავსახურს, მოვხუფავთ და ვასტერილებთ ღუმელში.
სტერილიზება როგორ ხდება - ტაფას შევდგამ, რომელსაც ვადებ ბადეს და ვალაგებ ქილებს. ჩადებამდე ღუმელი აუცილებლად უნდა იყოს ცივი. ცოტახნით ვტოვებთ ღუმელში და ჩვენი წიწაკის მწნილი მზადაა", - ამბობს ნინო კვაჭანტირაძე.
იხილეთ ვიდეო