"ქეთიმ გადაწყვიტა ამ სახელის დარქმევა, რეზის კი ძალიან აუჩუყდა გული და ბევრი იტირა..." - ნანა ლორთქიფანიძე უმცროსი რეზი არველაძისა და ოჯახის შესახებ - Marao

"ქეთიმ გადაწყვიტა ამ სახელის დარქმევა, რეზის კი ძალიან აუჩუყდა გული და ბევრი იტირა..." - ნანა ლორთქიფანიძე უმცროსი რეზი არველაძისა და ოჯახის შესახებ

2025-10-02 15:22:06+04:00

არველაძეების ოჯახში დიდი სიხარულია - რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე მეორე შვილიშვილის ბებია-ბაბუა გახდნენ. მათ ვაჟს, ნიკა არველაძესა და მის მეუღლეს, ქეთი წიქვაძეს პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის სახელი, რეზი დაარქვეს. ოჯახში ახლა ორი რეზია, ორივე - არველაძე. მისი დაბადება კი ოჯახმა დიდი ზეიმით აღნიშნა.

რეზი არველაძე უმცროსი მშობლებთან ერთად უკვე სახლშია. მის შესახებ კი ჟურნალ "სარკეს" მისი ბებია, ნანა ლორთქიფანიძე ესაუბრა: 

„პატარა რეზი დილის ხუთის ნახევარზე დაიბადა. ძალიან ბევრი ადამიანი დავინდეთ და არ გავაღვიძეთ, თორემ დილის საათები რომ ყოფილიყო, არველაძეების თუ ჩვენი მხრიდან იმდენი ახლობელი და ტაშფანდურის მოყვარული იქნებოდა, ალბათ, ავიკლებდით იქაურობას! მშობიარეებს ეძინათ და ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქეცით. შამპანური მოიტანეს ნიკას მეგობრებმა და, რა თქმა უნდა, ემოციურად შეძახილები აკლდა ამ ყველაფერს.

მერე ეს ამბავი ფუნიკულიორზე აღნიშნეს. ნიკამ დაპატიჟა მეგობრები და ახლობლები. ძალიან კარგი დრო უტარებიათ, მე კი სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, რადგან ამ დღეს სპექტაკლი მქონდა თელავში.

არველაძეებთან მოლხენას არაფერი სჯობს. მხიარულები, იუმორით სავსენი არიან. რეზიკო და თეონა ჩემთვის ახალგაცნობილები არ არიან. ისინი ჩემი უმცროსი დის, მაიკო ლორთქიფანიძის ბავშვობის მეგობრები არიან. ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად მოდიოდნენ და მათი სიყვარულიც ჩვენ თვალწინ განვითარდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი შვილებიც ერთმანეთს დაუკავშირებდნენ ცხოვრებას?!

ძალიან ვინერვიულე. ცოტა ადრე, სამი კვირით ადრე დაიბადა, ვიდრე ველოდით. ეს, ერთი მხრივ, კარგი, რადგან საკმაოდ დიდი დაიბადა, სამი კილო და 400 გრამი და კიდევ რომ დასცლოდა მუცელში გაზრდა, შეიძლებოდა, გასჭირვებოდა ქეთის. როგორც ყველა სხვა დედამ, ქალიშვილის მშობიარობის დროს მეც ისე ვინერვიულე. ხომ იცით, როგორი ემოციებით არის ადამიანი ამ დროს დატვირთული – ნერვიულობა, სიხარული, მოლოდინი.

ძალიან კარგი ბიჭი გაჩნდა! ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზია. ჯერჯერობით გამოკვეთილად ვერავის ვამსგავსებ, ყველაზე მეტად თავის ძმას, ილუშას ჰგავს…

ქეთიმ გადაწყვიტა სახელის დარქმევა და, რა თქმა უნდა, მეუღლემაც აუბა მხარი. რეზის კი ძალიან აუჩუყდა გული და ბევრი იტირა. ეს იყო სიხარულის ცრემლები", - თქვა ინტერვიუში ნანა ლორთქიფანიძემ.

arveladze

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე 

"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ.

  • "ფრთხილად იყავით, ცილისწამებასა და მუქარას კარგი არავისთვის მოუტანია" - რაზე საუბრობს ნანა ლორთქიფანიძე და რატომ წერენ მუქარის შემცველ ტექსტებს

ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.

  • "ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა..." - ქეთი წიქვაძე ცნობილ ბაბუაზე, კარიერასა და შვილებზე

რაც შეეხება ასაკს, ჩვენს შორის 8 წელია სხვაობა. თავიდან მე მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ არასდროს მახსენდება ეს სხვაობა." 

ქეთი წიქვაძის ოჯახი 

მსახიობი ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას მეგობრის, ლეკას როლს ასრულებდა. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა - ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია.

"ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მკაცრი იყო გადაღებებზე, თუმცა მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე სიმკაცრის გამო არავის სძულდა. პირიქით, მსახიობებს ის სწორედ ამის გამო უყვარდათ", - ამბობდა ქეთი.

ქეთი პროფესიით ტელე-კინო მენეჯერია და თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2013 წლიდან აწარმოებს ქართულ ბრენდს "მაიკა". ეს არის პრემიუმ ხარისხის მაისურები. აპირებს, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო გაფართოვდეს საქმიანობა და ახალი იდეები განახორციელოს. ერთი პერიოდი უნდოდა მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ დედა ეწინააღმდეგებოდა.ამიტომ განსხვავებული პროფესია აირჩია. 

ქეთი 22 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ოჯახი მალევე დაენგრა. მსახიობს ორი შვილი ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. "ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ", - ამბობდა ქეთი.

ნიკა არველაძე თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი შვილია. მას ორი წლის წინ მსახიობ ქეთი წიქვაძეზე იქორწინა, თუმცა ამ ქორწინებამ უხმაუროდ ჩაიარა. 31 წლის ნიკა და 39 წლის ქეთი ახლა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ამის შესახებ კი ცნობილი ქეთის დედის, ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუდან გახდა.