"ზუსტად მსგავსი წამებით უნდა დაისაჯოს ის არაადამიანი, როგორც ეს საცოდავი გოგო დატანჯა. ხშირად აწიოკებდა ოჯახსო და რატომ არავინ არ ამოიღო ხმა, რატომ! მერამდენე ქალი უნდა შეეწიროს ავადმყოფ ქმარს, რატომ არ არის მკაცრი სასჯელი, ან შემაკავებელი. რა შემაკავებელია, თუ მაინც უშიშრად აწიოკებდა ოჯახს, რატომ არ იცავთ ქალების უფლებებს, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ უფრო სერიოზულად შეხედოთ ამ საკითხს, კიდევ რამდენი ქალი უნდა შეეწიროს" - ასე ეხმიანება თაკო საზინა კასპში მომხდარ სასტიკ მკვლელობას.

რა მოხდა კასპში?
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თათია ლომინაძეს მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, მას სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.
ცნობისთვის, დანაშაული კასპში 25 სექტემბერს მოხდა. ზურაბ ბურდულმა თათია ლომინაძეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ბურდულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. თავად ბრალდებულს სასამართლო სხდომაზე მომხდარზე არ უსაუბრია.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სისტემატურად სთხოვდა, „უარის მიღების შემდეგ კი განიზრახა მისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა".