ბოლო დროს ქართული მოდის სამყარო მსოფლიო მწვერვალებს იპყრობს. ყოველდღიურად ვხვდებით ახალ ამბებს, თუ როგორ ბრწყინავენ ქართველი მოდელები ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიცაა, მილანის და პარიზის მოდის კვირეულები.
ცოტა ხნის წინ ვენეციისა თუ კანის კინოფესტივალებზე არაერთი ქართველი ვიხილეთ. ქართველები განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ თამო ვაშალომიძეს. დიდი მოწონება დაიმსახურა ნინი ბადურაშვილის გამოჩენამაც წითელ ხალიჩაზე.
დღეს კი პირველად პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდით ნუკი კოშკელიშვილი წარდგება. როგორც ნუკის გავრცელებული ვიდეოდან ვიგებთ, წითელ ხალიჩაზე არა თავად, არამედ "ნუკი კოსმეტიკში" დასაქმებული ქართველი გოგოები გამოვლენ.
"ვიცი, რომ ყველა ელოდებით რას ჩავიცვამ წითელ ხალიჩაზე, რას ვიზამ პაპარაცებთან, მაგრამ მე ცოტათი სხვა გზა ავირჩიე. კარგად ვიცი, რას ნიშნავს კამერების წინ დგომა და რამდენად გმატებს თავდაჯერებულობას, განსაკუთრებით ქალბატონებს. ამიტომ, ეს ადგილი დავუთმე მათ, ვინც ნამდვილად იმსახურებს. ნამდვილი ვარსკვლავები, ნუკი კოსმეტიკის სტენდის კონსულტანტები. გოგოები, რომლებიც გხვდებიან ყველა მოლში, მთელი საქართველოს მასშტაბით. გოგოები, რომლებიც უკვე პარიზში არიან და ემზადებიან ამ დღისთვის.
თავდაჯერებულობა და წარმატება არ იბადება ჩემსავით ვიდეოების გადაღებასა და ლუქების აწყობაში, ის იბადება ყოველდღიურ შრომაში და ეს ძალიან დასაფასებელია. ყველაფერი გამოგივათ, გოგოებო, მარტო თქვენ კი არა, ჩვენს მომხმარებლებსაც, ყველაფერი ყოველთვის გამოგივათ, მთავარია, დაიჯეროთ საკუთარი თავის. ჩვენ გვჯერა თქვენი და იცოდეთ, რომ "ნუკი კოსმეტიკი" ყოველთვის თქვენთან ერთად არის", - ამბობს ნუკი.
მოდელ და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის ბიოგრაფია საკმაოდ დატვირთულია. ნუკი (ანნა) კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგაც.
პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"- ამბობდა ნუკი მაშინ.
ბენი მალევე გახდა "ქართველების საყვარელი სიძე" - ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს.
ბენსა და ნუკის ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს. წყვილი ახლა მეორე შვილს ელოდება.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.