"შევქმნით ჯგუფს, ერთად ვიდიეტებთ და ვივარჯიშებთ" - ნანუკა გულუას ახალი წამოწყება - Marao

"შევქმნით ჯგუფს, ერთად ვიდიეტებთ და ვივარჯიშებთ" - ნანუკა გულუას ახალი წამოწყება

2025-10-06 15:16:24+04:00

ნანუკა გულუა საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" შეიყვარა. ნანუკა სერიალში დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. მან მისი სახასიათო როლით მალევე მოიპოვა ხალხის გულებში ადგილი.

ნანუკა 3 შვილის დედაა. ამ პერიოდში, როგორც თავად ამბობს, საგრძნობლად მოიმატა წონაში. ის ხშირად აქვეყნებს წონის კლებასთან დაკავშირებულ ვიდეოებს. ცოტა ხნის წინ, როგორც თავად აღნიშნა, აპირებს გასახდომი ჯგუფის შექმნას, რომელსაც ენდოკრინოლოგი გააკონტროლებს.

"ჯგუფის შექმნას და გახდომას ვიწყებთ მას შემდეგ, რაც 6 თვე გავა კირას მშობიარობიდან. ეს არის დეკემბერი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მივდივართ კლინიკაში, ვაბარებთ სისხლის ანალიზს, ვხვდებით სუპერ ენდოკრინოლოგს, ის იქნება ჩვენი მენტორი, გაგვაკონტროლებს, შემდეგ კი დავიწყებთ ვარჯიშს. ვისაც ძალიან სჭირდება, ვისაც ძალიან დიდი წონა აქვს და არა აქვს ფუფუნება ის უნდა მოხვდეს ჩვენს ჯგუფში. როგორ შევარჩევ პირველი ჯგუფის მონაწილეებს ამას სთორებიდან გაგაგებინებთ. ჩამოვყალიბდები და მოვიფიქრებ, რომ რამე არ გამომრჩეს და მართლა ვისაც ძალიან სჭირდება, რომ ჯგუფურ გახდომაში მიიღოს მონაწილეობა, მათ დავუკავშირდებით. შევკრავთ ჯგუფს, ერთად ვიდიეტებთ და ვივარჯიშებთ" - ამბობს ნანუკა.

ნანუკა გულუას განვლილი გზა, ოჯახი და შვილები 

ნანუკა გულუა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. სერიალი აღწერს ბავშვობის მეგობრების – კატოს, ნინასა და თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისათვის არის საინტერესო. ნანუკა გულუა მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. დასამახსოვრებელი, ხმაურიანი და ქაოსური დოჩი ბევრისთვის საყვარელ და სახალისო პერსონაჟად იქცა - ნანუკა გულუამ კი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. 

მსახიობობა ნანუკას ოცნება არასდროს ყოფილა. ის პროფესიით ჟურნალისტია. 

"მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აღგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამხნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი. მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ“, - ამბობდა ნანუკა გულუა. 

პოპულარული სერიალის შემდეგ იყო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ნანუკა გულუა კიდევ 3 ცნობილ ქალთან ერთად უძღვებოდა. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში არაერთი ცნობილი გადაცემა თუ შოუ იყო და მაშინ არც კი იფიქრებდა, რომ ცხოვრების მთავარი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ იყო - ნანუკა გულუამ ყველასთვის მოულოდნელად იქორწინა კახაბერ კაშიაზე და ახლა ისინი 3 შვილს, ნინას, იკას და კირას ზრდიან.