ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" უკვე რამდენიმე ათეული წელია საქართველოს "სავიზიტო ბარათია". ქორეოგრაფიული ანსამბლი დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. პირველი კონცერტი კი 1945 წლის 11 ივნისს გაიმართა.
ანსამბლი თავიდანვე მიზნად ისახავდა ქართული ცეკვის სცენურ განვითარებას - ისე, რომ შენარჩუნებულიყო ტრადიციული სული, მაგრამ გაძლიერებულიყო პროფესიული სცენური ეფექტიც. ანსამბლმა კონცერტები გამართა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
დღეს ანსამბლს ხელმძღვანელობს მისი დამფუძნებლების შვილიშვილი, ნინო სუხიშვილი, რომელიც წარმატებით აგრძელებს ოჯახის საქმეს. ნინოს ძმა, ილიკო სუხიშვილი უმცროსი კი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია.
ილიკო სუხიშვილი ჟურნალისტებთან ხშირი კომუნიკაციით არ გამოირჩევა. იშვიათად თუ წავაწყდებით მის ინტერვიუს ჟურნალსა თუ ტელევიზიებში. თუმცა ცოტახნის წინ მას ბლიც ინტერვიუ ჰქონდა, რომელიც Neostudio Production-მა გაგვიზიარა. მან ისაუბრა ანსამბლ "სუხიშვილებზე" და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად, სადაც ქართული ცეკვა მოსწონთ, ეს საქართველოა.

გთავაზობთ ილიკო სუხიშვილის ბლიც ინტერვიუს საინტერესო ფრაგმენტებს:
- ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილება, რომელიც არ გაგნელებიათ?
- სცენაზე პირველი გასვლა.
- რომ არა ქორეოგრაფია, რა პროფესიას აირჩევდით?
- რაიმეს მუსიკალურ სფეროში.
- ის რაც თქვენში გენეტიკის დამსახურებაა.
- რიტმის თანდაყოლილი გრძნობა.
- ყველაზე ღირებული რჩევა რაც კი ოდესმე მიგიღიათ.
- გასაკეთებელი არ გადადო (მამაჩემისგან).
- გაქვთ თუ არა რაიმე პროფესიული რიტუალი?
- კონცერტის წინ შეძახილები.
- რეპეტიცია თუ კონცერტი, ანუ პროცესი თუ შედეგი?
- პროცესი მთავარია.
- ტრადიცია, რომელსაც არასოდეს არღვევთ.
- გვარს არ ვცვლი აფიშებზე.
- სამი ნივთი, რომლის გარეშეც ყოველდღიურობა არ წარმოგიდგენიათ.
- ქამარი, ხანჯალი, უნაგირი.
- ამბავი, რომლის გახსენებაც განსაკუთრებით გეამაყებათ.
- წლის საუკეთესო შოუდ გამოცხადება ბროდვეიზე.
- ვინ არის თქვენი შემოქმედებითი იდეალური პარტნიორი?
- ყოველი მოცეკვავე, ვისთან ერთად პროცესში ვარ ჩართული.
- თავისუფლება განცდაა თუ მოვალეობა?
- განცდაა, კმაყოფილება მდგომარეობა.