"ასე ყველი შეგიძლიათ რამდენიმე თვე შეინახოთ" - ანა მიქაძის მარტივი რჩევა ყველის სწორად შენახვისთვის - Marao

"ასე ყველი შეგიძლიათ რამდენიმე თვე შეინახოთ" - ანა მიქაძის მარტივი რჩევა ყველის სწორად შენახვისთვის

2025-10-07 16:02:15+04:00

ჩვენი მკითხველი ანა მიქაძეს უკვე იცნობს - მას სოციალურ ქსელში 30 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის მიერ გაზიარებულ სასარგებლო რჩევებს ჩვენც ხშირად გთავაზობთ ხოლმე. თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცნობს მას, გეტყვით, რომ ანა მიქაძე ანა ეთნოგრაფია. 2010 წლიდან არის "საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის" გამგეობის თავმჯდომარე. ამავე წლიდან არის ფესტივალების ‘’ქართული ყველი’’ და კავკასიური ყველი’’ ორგანიზატორი. 2010 წლიდან არის "ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდის" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ასევე არის პროექტის "ქართული ყველი" ავტორი. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე არის ძველი მივიწყებული ქართული ყველების რეცეპტების მოძიების, აღდგენისა და დამზადების ინიციატორი და განმახორციელებელი. ყველა ამ რეგალიის შემდეგ, გასაკვირი არ იქნება, რომ მას "ყველის დედოფალსაც" უწოდებენ და, რა თქმა უნდა, ჩვენც ამ თემასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევას გიზიარებთ.

"ყველაფერი ყველის შესახებ”   - ეპიზოდი 4, როგორ შევინახოთ იმერული ყველი" - ამჯერად ანა მიქაძე გამომწერებს იმერული ყველის შენახვის წესებს უზიარებს.

როგორ შევინახოთ იმერული ყველი

მაშ ასე, თუ გვაქვს ახალი ამოყვანილი, წინა დღეს გაციებული და გაწურული ყველი, დაიდოს სუფთა ზედაპირზე (დაფა, მაგიდა, ტაბაკა). ზედაპირზე მოვაყაროთ მარილი (არც ძალიან მსხვილი და არც ძალიან წვრილი).

  • რეცეპტი: "არც სტერილიზაცია სჭირდება, არც - ასპირინი, ინახება ზამთრისთვის" - მკვახე პომიდვრის სალათა ზამთრისთვის

დავტოვოთ 12–24 საათით, გადავატრიალოთ 2-3-ჯერ, რომ შემოადნეს. ამ პერიოდში ზედაპირი იკუმშება, "კანი" მაგრდება და ყველა ჭრილი იხურება.  მარცვლებს შორის არის არხები, საიდანაც მარილწყალი გულამდე აღწევს.

გარედან შემარილებული ყველი დაცულია გადამარილებისგან, და რაც არ უნდა ძლიერ მარილწყალში ჩადოთ, ზედმეტად არ გადამარილდება.

როგორ შევინახოთ გრძელვადიანად? 

მოვამზადოთ 18–20%-იანი მარილწყალი (ანუ 1 ლიტრ წყალში 180–200 გრ. მარილი). წყალი ადუღებული და გაცივებული უნდა იყოს, რომ მიკრობები არ გამრავლდეს. დავამატოთ 50 გრამი ვაშლის ძმარი, ორი კოვზი შაქარი ან თაფლი და ყველი ჩავდოთ ისე, რომ მთლიანად დაფაროს მარილწყალმა . უმჯობესია ტივტივებდეს.

  • ტომატის საწებლის რეცეპტი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიარა: ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტი

პირველ დღეებში (2–3 დღე) მარილწყალი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს (20–22%), შემდეგ უკვე გადაიტანო უფრო სუსტ (16–18%) მარილწყალში.

შეინახეთ სიგრილეში (10–15°C), სჯობს მაცივარში ან სარდაფში. მარილწყალი პერიოდულად (კვირაში ერთხელ მაინც) გადაამოწმეთ - თუ დაიბინდა ან ნადები გაუჩნდა, გადაწურეთ და ახლით ჩაანაცვლეთ. თუმცა შეიძლება პასტერიზაცია - მიიყვანეთ დუღილამდე, გააცივეთ. მარილწყალი სულ გრილი და კამკამა უნდა იყოს. ასე ყველი შეგიძლიათ რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე შეინახოთ, გააჩნია გარემოს ტემპერატურასა და მარილის ხარისხს (იოდიზირებულს არ გირჩევთ ). შედეგად კანი მყარია და ყველი არ იფშვნება. შიგნიდანაც თანაბრად მარილიანი და უსაფრთხოა. დიდი პარტიისთვის განსაკუთრებით კარგია, რადგან ნაკლებია გაფუჭების რისკი",  - წერს ანა მიქაძე და პოსტს თან ვიდეოსაც ურთავს: