"წონამ ნამდვილად დაიწყო კლება, - 8კგ" - სალომე შარვაძის განსხვავებული იმიჯი და ცხოვრების სტილი - Marao

"წონამ ნამდვილად დაიწყო კლება, - 8კგ" - სალომე შარვაძის განსხვავებული იმიჯი და ცხოვრების სტილი

2025-10-07 16:21:11+04:00

მსახიობ და ტელეწამყვან სალომე შარვაძეს არაერთი წელია საზოგადოება კარგად იცნობს. მას დიდი პოპულარობა სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. ის ქეთის როლს ასრულებდა. სალომე არაერთ ტელეპროექტში იღებდა მონაწილეობას და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოსინჯა ძალები.

სალომეს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. ის სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს და გამომწერების შეკითხვებსაც პასუხობს. ამასწინათ წონის კლებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, მისი თქმით 8 კგ-მდე მოახერხა დაკლება.

"კი წონამ ნამდვილად დაიწყო კლება, - 8კგ," - წერს მსახიობი.

  • "თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე..." - მუდამ ღიმილიანი მსახიობის რთული პერიდი 

სალომე შარვაძე

სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში"  შესრულებული  ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე "ჩცდ" - ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება. 

სალომე შარვაძე 1985 წლის 16 აგ­ვის­ტოს დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, ასევე დამთავრებული აქვს დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მუშაობდა მსახიობად და პარალელურად იყო გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ივენთმე­ნე­ჯე­რი ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში. 

სალომე ცნობილი მხატვრის, მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილია. ეს უდიდესი ადამიანი სალომეს დედის ბიძა იყო და საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ორჯერ მოეწყო გამოფენა, რა თქმა უნდა, სალომეს ძალისხმევით. 

  • "არ არსებობს სიტყვები და ემოცია, რომლითაც ავხსნი ამ სიგიჟე სიყვარულს" - სალომე შარვაძეს ემოციური მილოცვა მეუღლეს 

სალომეს მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. სალომესა და მამუკას 18-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სალომე მეუღლის მიმართ სიყვარულს საჯაროდაც ხშირად გამოხატავს. ამასთან ერთად კი, ხშირად ჰყვება სახალისო ამბებსაც. მაგალითად, როცა სალომე შარვაძე გადაცემა "ქალების" ერთ-ერთი ტელეწამყვანი იყო, მეუღლეზე ასეთი ისტორია გაიხსენა:

"ჩემს მამაკაცზე ხშირად მელანდება ხოლმე ეჭვიანობის საბაბი და ერთხელაც, როდესაც ყაზახეთში იყო წასული 6 თვით. რომ დაბრუნდა ამოვუქექე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მიჭირავს მისი ტელეფონი მოდის მესიჯი რუსულად: „როგორ ჩახვედი?“. ძალიან ავღელდი, იმიტომ რომ მართლა ულამაზესად გამოიყურებოდა ის, ვინც მისწერა. რა ვქნა ახლა? რა გავაკეთო? ვფიქრობ და დავდივარ ოთახებში. კივილ-წივილი მაქვს ატეხილი და მივწერე „კარგად“. მინდოდა, რომ გამომეძალა ინფორმაცია. მომივიდა პასუხი: „მიხარია, რომ კარგად ჩახვედი და გელოდები, რომ მალე ისვე დაბრუნდე“. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და მივწერე „ჩემი დიდი საიდუმლო არ იცი, რომ მე ქალები არ მაინტერესებს“. მივწერე ეს ჩემი ქმრის ტელეფონით და ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს რეკვა. არ დავასახელებ იმ ადამიანს, ერთ-ერთი „წონიანი“ პიროვნებაა ყაზახეთში, ვინც რეკავდა. გამორბის ჩემი ქმარი, მეკითხება რა ქენი, შე არანორმალუროო. გავრბივარ მე და როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლის ყაზახი პარტნიორის ცოლმა მოიწერა მოსაკითხად, რომლის ქმარიც ერთი თვე ცხოვრობდა ჩემს ქმართან ერთად. მე კი ვუთხარი ჩემი ქმრის სახელით, რომ კაცები მომწონს-თქო", - ამბობდა სალომე.