2025 წლის "ბეიბი ბუმი" - TOP 8 ცნობილი ქალი, რომლებიც წელს დედები გახდნენ - Marao

2025 წლის "ბეიბი ბუმი" - TOP 8 ცნობილი ქალი, რომლებიც წელს დედები გახდნენ

2025-10-07 16:55:05+04:00

2025 წელი ბევრი ცნობილი ქალისთვის წარმატებული აღმოჩნდა როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების მიმართულებითაც. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ლამაზი, განსხვავებული და პომპეზური ქორწილებით, ამასთან, ცნობილ ოჯახებში ახალი სიცოცხლის დაბადებით. 

ამ სტატიაში გთავაზობთ იმ ცნობილი სახეების  სიას, რომლებიც 2025 წელს გახდნენ დედები.

თათია ახალაია

ქართველი მოდელი თათია ახალაია არაერთი წელია აშშ-ში ცხოვრობს. თათია ლევან კობახიძეზეა დაქორწინებული და ისინი უკვე პატარა გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილმა გოგონას მეა დაარქვა.

"კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში, პატარა მეი" - წერდა თათია და პატარას ფოტოები გამოაქვეყნა.

თამთა შედანია

„მის საქართველო 2012“ მესამე შვილის დედა გახდა. მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანია. თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ პირველი საერთო შვილი, კირა 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა - თამთა მესამე შვილის დედა გახდა. პატარას მიხეილი დაარქვეს. 

"31 ივლისს ჩვენს ოჯახში დაიბადა მიხეილ რატიანი. კიდევ ერთი სიყვარულით სავსე სული - ჩვენი პატარა მიხეილი. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის. გულით მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს თბილი მილოცვებისა და სიყვარულისთვის" - წერდა თამთა.

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია მესამე შვილის მშობლები გახდნენ. ნინასა და ირაკლის შემდეგ, წყვილს გოგონა, სახელად კირა შეეძინა.

"41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად, ეს ყველასთვის საოცნებო მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ წონაზე ოდნავ წავიწუწუნო.  მე გავლილი მაქვს ის გზა, როგორ მივიდე ჩემთვის სასურველ სილუეტამდე. არავის სიტყვა ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ახლა ვინც თინეიჯერობის ასაკშია და ჭარბწონიანია, მათ მინდა ვუთხრა, იპოვონ ძალა და ამ ადამიანების კომენტარებს ყურადღება არ მიაქციონ", - ამბობდა ცოტა ხნის წინ ნანუკა გულუა. 

ქეთი წიქვაძე

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე მეორე შვილიშვილის ბებია-ბაბუა გახდნენ. მათ ვაჟს, ნიკა არველაძესა და მის მეუღლეს, ქეთი წიქვაძეს პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის სახელი, რეზი დაარქვეს. ოჯახში ახლა ორი რეზია, ორივე - არველაძე. მისი დაბადება კი ოჯახმა დიდი ზეიმით აღნიშნა.

თათა ვასაძე

ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა მისი რჩეულის, ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ წყვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. თათა პატარა ნინასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება მარია კაჭარავა, ყველაფერმა კარგად და ძალიან სწრაფად ჩაიარა," - წერდა ქეთი ხატიაშვილი.

მარიამ ელიეშვილი

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ ელიეშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც საბა დაარქვეს.

მარიამის მეუღლე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია, ამიტომაც მარიამის შემდგომი გეგმები სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება.

მარიამ მათიაშვილი

"სუხიშვილების" სოლისტი, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე, დავით თოფურია ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლეა დაარქვეს. ნათლობის შემდეგ მშობლები აქტიურად აქვეყნებენ ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს.