"CHANEL-ის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს თავს მოხდა. ასეთი ჩვენება გავხსენი წარმოუდგენელ მეთიუ ბლაზისთან ერთად. ჩემი პატივისცემა თქვენ!
ეს მომენტი მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება! ძალიან მიხარია, რომ ამ ახალი ისტორიის ნაწილი გავხდი. მადლობა ჩემს მეორე ოჯახს CHANEL-ში", - დაწერა მოდელმა ადიცა ბერძენიამ სოციალურ ქსელში ას შემდეგ, რაც 24 წლის მოდელმა ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, მატიე ბლაზის სადებიუტო კოლექციის ჩვენება გახსნა.
აფხაზ ბლოგერთან ინტერვიუში ადიცა ბერძენია იხსენებდა, როგორ მოხვდა Chanel-ის ჩვენებაზე. მოდელი იხსენებს, რომ მოდის სახლიდან აპრილში დაუკავშირდნენ, როცა დასასვენებლად მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში იყო წასული.
„ჩემმა აგენტმა მომწერა:
-კასტინგზე დაბრუნდები?
-რა თქმა უნდა, დავბრუნდები, – ვუპასუხე მე.
მოსკოვი-სტამბოლი-ბარსელონა-პარიზი, სამი რეისი, პლუს ღამით არასდროს მძინავს. რა თქმა უნდა, საშინლად გამოვიყურებოდი“ – ამბობს მოდელი.
პირველ დღეს სინჯებზე ადიცა მატიე ბლაზის თანაშემწემ ნახა, მეორე დღეს კი თავად მატიემ.
„ბევრი ვისაუბრეთ. ის აფხაზეთით ძალიან დაინტერესდა. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. სად არის? გერმანიაში? თურქეთში? ბრაზილიაში? რუსეთში? ცალკე სახელმწიფო? რუკა ვაჩვენე, ჩვენი წეს-ჩვეულებების შესახებ ვუამბე, უთხარი, რომ საკუთარი ენა და კულტურა გვაქვს“.
საბოლოოდ, საუბარი იმით დასრულდა, რომ ადიცას შრომითი ხელშეკრულება და ოქტომბერში ბლაზის სადებიუტო კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობა შესთავაზეს.
ადიცა ბერძენია 24 წლის აფხაზი მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ The Fashion Model Directory-ზე მისი ეროვნება ქართველადაა განსაზღვრული - წერია, რომ ის არის აფხაზეთიდან, საქართველოდან, თავად თავს ქართველად არ აიდენტიფიცირებს. შეიძლება ითქვას, ანტი-ქართველია და სხვადასხვა ინტერვიუებში, მისი საუბრის მიხედვით, საქართველოს ოკუპანტ ქვეყნად თვლის.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოდელი ადიცა ბერძენია მოდის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაა. ადიცამ საზოგადოებას თავი განსაკუთრებული გარეგნობით დაამახსოვრა, თუმცა ქართველების ნაწილი საკუთარი პოზიციებით არაერთხელ გააღიზიანა კიდეც. ამის არაერთი დასტური არსებობს. ერთ-ერთი მათგანია მის მიერ სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს გაზიარებული პოსტი, სადაც სოხუმის „გათავისუფლებას" აღნიშნავდა.
ადიცა ომის შემდეგ დაიბადა აფხაზეთში და იქვე გაიზარდა. სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ის "ვიცე მის აფხაზეთი“ გახდა და პოპულარობა სამოდელო სფეროში სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა. როგორც თავად ამბობდა, სილამაზის კონკურსში მონაწილეობისკენ მამიდამ უბიძგა.
"კონკურსში მონაწილეობას არ ვაპირებდი, მაგრამ მამიდაჩემმა, მზია ბერძენიამ, რომელიც ჯგუფ "დები ბერძენიების“ პროდიუსერია, მოტივაცია მომცა", - იხსენებდა ის.
"ვიცე მის აფხაზეთის“ სტატუსის მოპოვების შემდეგ, სამოდელო კარიერა ადიცამ აფხაზეთში დაიწყო. ადიცას ეკატერინა პოპოვა წარადგენდა, რომელიც ცნობილი რუსული სამოდელო სააგენტოს, Avant Russia-ს აგენტი იყო.
მოდის სამყარომ ფართო მასშტაბით ადიცა ბერძენიას სახელი 2021 წელს გაიგო, როდესაც რუსული ELLE-ის ოქტომბრის გარეკანზე გამოკვეთილი ნაკვთების მქონე, ცისფერთვალება გოგონა გამოჩნდა. 2023 წელს ის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე Ralph Lauren-ის კოლექციის ჩვენებაზე მიიწვიეს, რასაც მილანის მოდის კვირეული და ცნობილი ბრენდების ჩვენებები მოჰყვა.
ადიცა ბერძენია ხშირად ჩნდება დევიდ კომას ჩვენებებზე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2023 წელს ლონდონის მოდის კვირეულზე ახალგაზრდა ელისაბედ II-ის შთაგონებით შექმნილი კოლექციის ჩვენება, სადაც ადიცასთან ერთად ქართველი მატილდა გვარლიანიც გამოვიდა.
\