ცოტა ხნის წინ საქართველო ყველასთვის საყვარელ მუსიკოსს, მამუკა ჩარკვიანს გამოემშვიდობა. მისი შემოქმედებას არაერთი თაობის გულშემატკივარი ჰყავს, მისმა გარდაცვალებამ კი უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული.
მამუკა ჩარკვიანი იყო თვითნასწავლი, თვითმყოფადი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი. ბავშვობის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა. იყო ბევრი სიმღერის ავტორი, რომელთა უმეტესობა გაჰიტდა. მის სიმღერებს ხშირად ასრულებენ სხვადასხვა თაობის მომღერლები.
მამუკა ჩარკვიანი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში დამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა გაიხსენა:
„პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგვმართეს. მას ფეხი რომ მოტყდა, ერთი ოპერაცია კარგად გაუკეთეს… მეორე ოპერაციის შემდეგ ამბობდა, რომ კოჭთან რკინა ერჭობოდა. გაიკეთა კიდევ ერთი ოპერაცია ერთ ცნობილ კლინიკაში, ძალიან კარგ ქირურგთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ოპერაციით დავიღუპეთ!
აღმოჩნდა, რომ ბაუმანის ბაქტერია შეუყვანიათ აპარატით ოპერაციის დროს. ზუსტად იმავე პერიოდში დააინფიცირეს ასევე 15 წლის გოგონა. ის ახალგაზრდა იყო და, როგორც ვიცი, რეაბილიტაცია მოხერხდა. მამუკა კი ისეთ ასაკში იყო, ვეღარ მოხერხდა რეაბილიტაცია.
ბაუმანი არის უმძიმესი, მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც პნევმონიას და ათას უბედურებას იწვევს. ჩვენთან კი ვერ ხდება ამ ბაქტერიის მკურნალობა. აქ შესთავაზეს ფეხის მოკვეთა… ავსტრიაში ექიმი გვეხუმრა, კი მაგრამ, თავსაც ხომ არ მოაჭრიდნენო? პირ-ხახაში ჰქონდა უკვე ბაქტერია და ფეხის მოკვეთა რას უშველიდა? დავუკავშირდით ექიმ სოსო ნანობაშვილს, რომელმაც გერმანელ ქირურგთან ერთად თავად გააკეთა 4 მცირე და 4 დიდი ოპერაცია. წარმოგიდგენიათ, რა გადაიტანა მამუკამ?! 8 ოპერაციას მოჰყვა ეტლი და უამრავი რაოდენობის ანტიბიოტიკის მიღება. ამან გაანადგურა მამუკას ჯანმრთელობა და იმუნური სისტემა…
დედაჩემმა არ იცის მამუკას გარდაცვალების შესახებ. 90 წლისაა და გლაუკომით სრულიად დაბრმავდა. მძიმე ავადმყოფია, გულზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული. მოძღვრიდან დაწყებული, ყველამ გვითხრა, რომ არ გვეთქვა… მეკითხება ხოლმე, ამდენ ხანს რატომ არის კლინიკაშიო. ამ ამბავში ის გვშველის, რომ იცის, მამუკას როცა პარკინსონი უმძაფრდებოდა, ასეთ დროს ლაპარაკიც უჭირდა, ამიტომაც დედას არ უკვირს, რომ ვერ ელაპარაკება…“
მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-79 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1979-82 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი; 1982-92 წლებში — გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
სულ ყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.
ყვავილების ნამქერი შესევია ლელიანს,
მე რომ გელი, იცოდე, ასე არსად გელიან.
ყველა ფერზე ლამაზი მაინც შენი ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.
ყვავილების ნამქერი შესევია ლელიანს,
მე რომ ვმღერი, იცოდე, ასე არსად მღერიან.
ყელს შეგაბამ მარგალიტებს, ყველა ჩემი ცრემლია,
სიყვარულში იცოდე, მწუხარებაც ბევრია.
ეს ლექსი კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის დედას, ქალბატონ ირმა ჩხეიძეს ეკუთვნის, მუსიკა – მამუკას, ხოლო თავად სიმღერა ირინოლა ჩარკვიანს ეძღვნება, მამუკას უფროს ქალიშვილს.
ირინოლას ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს, არადა პოეტ ბაბუას, ჯანსუღ ჩარკვიანს და მამას, მამუკას, ბევრი ნაწარმოები აქვთ მისთვის მიძღვნილი.
"ეს ოჯახი უზარმაზარი ტრადიციაა. მახსოვს, ჯერ კიდევ დიდი ბებია და დიდი ბაბუა. ამ ტრადიციას სწორედ იქიდან ეყრება საფუძველი. იქ დაინერგა ჩემთვისაც სიმღერა, ლექსი, მერე უკვე ბაბუა, მამა…" - ამბობდა ირინოლა.