რუსკა ქარქაშაძე საქართველოში პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი სახეა. მან სულ პატარა ასაკში მოახერხა ხალხის სიყვარულის მოპოვება, როცა სერიალში "ხელოვნური სუნთქვა" მელანოს როლი არაჩვეულებრივად შეასრულა.
რუსკა ახლა უკვე დედის ამპლუაშია - ჰყავს ერთი შვილი, ზუკა, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ გმირად იქცა. რუსკა მეუღლესთან ერთად ზრდის შვილს, ჰყავს დამხმარეს, თუმცა თავად აქტიური დედაა და ბავშვის განვითარების ყველა ეტაპს მასთან ერთად გადის.
როგორია რუსკა ქარქაშაძისთვის დედობა და ოჯახური ცხოვრება, ამის შესახებ მან "პრაიმ ტაიმთან" ისაუბრა:
- ახლა ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი როლი ჩემს შვილს უჭირავს. ყველაფერს ახლა სწავლობს და მინდა ჩართული ვიყო და აქტიურად მივიღო მონაწილეობა ზუკას განვითარებაში. თუმცა, ამის პარალელურად, ჩემს საქმესაც ვაგრძელებ და ვცდილობ, არ მქონდეს პაუზა. ამ ეტაპზე, ცოტა ნელით ტემპით ვმუშაობ, მაგრამ უფრო აქტიურადაც დავბრუნდები.
როცა დედა ხდები, შენი ცხოვრება მანდედან გამომდინარე მიდის. მანამდე, რა იყო, თითქოს არ გახსოვს. ბევრი მაკლია იდეალურ დედობამდე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ კარგი დედა ვარ. ბავშვი როგორი იქნება, სწორედ ამით გაირკვევა როგორია დედა. როცა ზუკა დაიბადა, დედაჩემთან ვიყავით, უნდა გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. როცა ორი კვირის გახდა, ჩვენს სახლში დავბრუნდით და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
- თქვენს წყვილს შორის არის 12 წლიანი ასაკობრივი სხვაობა, რაც ხშირად არის განხილვის ობიექტი სოციალურ ქსელში, რა რეაქცია გაქვს ამაზე?
- ჩემი აზრით, ეს ასაკობრივი სხვაობა კატასტროფული არ არის. პრინციპში, ამას ყველაფერი დადებითი აქვს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც, ამ 12 წლიან ასაკობრივ სხვაობას, უსვამენ ხაზს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ბევრ რამეს ვსწავლობ ლაშასგან, რაც ერთად ვართ, უფრო განვვითარდი და ალბათ, ეს მისი დამსახურებაა. ჩემი კუთხით, სილაღე და ბავშვურობა შემაქვს ურთიერთობაში.
რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ხელოვნური სუნთქვაში" მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის "კომედი კიდსში". ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "არარეალური სახლი".
რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.
დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში.
2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.
"მახსოვს "ხელოვნური სუნთქვის“ პირველი გადაღებები იყო და მაშინ 13 წლის ვიყავი და 24 საათი გადაღებაზე ვიყავი. ზაფხულში ყველა რომ დასასვენებლად წავიდა, მე გადაღებებზე დავდიოდი, ასეთი მომენტი ბევრი იყო, რომ ჩემი კლასელები სადმე მიდიოდნენ და მე გადაღებების გამო ვერ ვახერხებდი. კინაღამ სკოლაში ბოლო ზარზე ვერ მივედი. ძლივს მოვახერხე ცოტა ხნით მისვლა. სკოლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ მეორე კურსიდან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემდეგ საჯარო მმართველობაზე და პოლიტიკაზე გადავედი. ჩვენი ყოველდღიურობა ხომ პოლიტიკაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვალ ერთ დღეს და პოლიტიკოსი გავხდები."
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.
ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა. ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, - ამბობდა მსახიობი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პატარას ზუკა დაარქვეს. მსახიობმა შვილთან შეხვედრის პირველი ემოციური წუთები მეგობრებსაც გაუზიარა.