მანანა აბაზაძე "რადიო თავისუფლების" პროექტის "8 ფოტო არქივიდან" სტუმარი იყო. მან რამდენიმე ფოტო ისტორიაზე ისაუბრა. პირველი ფოტო ფილმ "შავი თოლიას" გადაღებიდანაა, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი კინოკარიერა.
"ამ სურათით ამირჩიეს "მე, ბებია, ილიკო და ილარიონზე". ეს არის ჩემი პირველი ფილმის "შავი თოლიას" გადაღება, რომელსაც პიცუნდაში ვიღებდი. ჩვენი გადაღების დროს მოვიდა ადამიანთა ჯგუფი. ესენი აღმოჩნდნენ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" წევრები, რომლებიც ირჩევდნენ ადგილებს ბებიისთვის სურათის გადასაღებად. ამასთან, ეძებდნენ ბავშვებსაც, როცა დამინახეს მითხრეს გოგონა მობრძანდითო და როცა თემურ აბულაძემ მკითხა ვინ ვიყავი და საიდან, ვუთხარი ქართველი რომ ვიყავი, მითხრა მობრძანდიო და გადაგიღებთო. მაშინ გადაიღეს ეს სურათი. " - ამბობს მანანა აბაზაძე რადიო თავისუფლებასთან.
"ეს თემურ აბულაძის ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან" არის ძალიან სევდიანი სცენა, როდესაც ომში ვაცილებთ ჩვენს ახალგაზრდებს. დავრჩით მოხუცები, ქალები და ბავშვები. ისე კარგად იყო გადაღებული და ისე კარგად ასრულებდნენ მართლა ვტიროდით, საოცარი სცენა იყო. ეს ფილმი იყო ჩემს ცხოვრებაში, მართლა მოვლენა. ახლა გინდა არ გინდა რაღაცას ღრუბელივით იღებ და ჩვენ ვიყავით ისეთ ასაკში, მოზარდები, 13 წლის ვიყავი და 2 წელი გავატარე ამ ადამიანებთან ერთად. თენგიზ აბულაძე უამრავ რაღაცას გვარიგებდა და გვასწავლიდა, არასდროს არ გვიბრაზდებოდა. ერთადერთი გადაღების დროს თუ გაბრაზდებოდა იტყოდა თქვენი შუბა დავხიე, მაგრამ ამას თუ იტყოდა ესე იგი რაღაც კატასტროფა ხდებოდა. ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანმა რომ მე და სერგო ერთად ვყოფილიყავით, ერთმანეთი დაგვენახა, იმიტომ რომ ვერ ვხედავდით, ძალიან ბავშვები ვიყავით, სულელები და სასაცილოები. 13 წლის ბავშვებს რა უნდა დაგვენახა. ჩვენი ოჯახი პრაქტიკულად ნოდარ დუმბაძესა და თენგიზ აბულაძის შექმნილია. ყველანაირად ხელი შეგვიწყვეს, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით," - იხსენებს მანანა.
1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'' მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე, 14 წლის სერგო ორჯონიკიძე აირჩია - 12 წლის მანანა აბაზაძე და ზურიკელას შეყვარებულის როლზე დაამტკიცეს.
“ნამდვილად არ მოგვწონდა ერთმანეთი. პირველ ჩვენებაზე, როდესაც ეკრანზე დავინახე, ვთქვი: ვაიმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა-მეთქი. იმდენად დადებითი გმირი ითამაშა, მივხვდი, რომ აქ კი არ თამაშობს, არამედ თავისი თავი ითამაშა. ის ასეთია ბუნებით.
მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭია და იმანაც რაღაც სასწაულად დამინახა და ზუსტად ერთ დროს მოხდა ეს. ბატონმა თენგიზმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაზე, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ მარტო სიტყვაზეც არაა. თავისთავად გრძნობაც დაიბადა და დღემდე გრძელდება", - ამბობდა მანანა აბაზაძე.