ნატალია ქუთათელაძეს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მომღერალმა გამოაქვეყნა.
ნატალია ქუთათელაძეს მამა მერაბ ქუთათელაძეა. მერაბი პროფესიით ბიოლოგი იყო, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს ყოფილა დასაქმებული.
მერაბი ეკა მამალაძის მეორე მეუღლეა. წინა ქორწინებიდან ეკას ორი ვაჟი, ლევანი და გოგი ჰყავს.
ეკა ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში მერაბის გაცნობის ისტორიას იხსენებდა:
"31 წლის ასაკში მერაბ ქუთათელაძეს გავყევი ცოლად. ის ბიოლოგი გახლავთ, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. ლევანიკოს კლასელის მშობლების ახლობელი იყო და მათთან გავიცანი. მერე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს, იქ სწავლობდა. დავმეგობრდით. მამაკაცში ყველაზე ძალიან განათლება, ინტელექტი და ერუდიცია მომწონდა და მერაბიც სწორედ ასეთი გახლდათ. მას ჩემს ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დედაჩემთანაც მეგობრობდა, მაგრამ მისი ცოლობა იმიტომ უფრო გადავწყვიტე, რომ თავისუფალი იყო, მეუღლე არც ერთს გვყავდა, ორივენი მარტო ვიყავით და ოჯახის დანგრევის პრობლემა არ გვქონდა. აუცილებელია ადამიანს, მით უფრო ქალს, გვერდით ვიღაც ჰყავდეს. შვილები დაიზრდებიან და წავლენ, რადგან თავიანთი ცხოვრება აქვთ, შენ კი მარტო რჩები, ამიტომ ცხოვრების მეგობარი უნდა გყავდეს…
მე და მერაბმა ვიქორწინეთ. “ოცნება ამისრულდა”, – გავიფიქრე, როდესაც ნატალია შემეძინა. ის იყო ჩემი ოცნების ახდენა.
ნატალია 1991 წელს გაჩნდა და საქართველოში ომი, არეულობაც დაიწყო, მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ამას ვერც ვგრძნობდი. სახლში გათბობაც არ გვქონდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან იყო, ბებია (ნატალია წლინახევრის იყო, ცაბუ რომ გარდაიცვალა), ბაბუა, ჩემი ბიჭები, დედა და საყვარელი ადამიანი. ყველანი სამზარეულოში ვისხედით, რადგან იქ თბილოდა. ნატალიას კალათა სამზარეულოს მაგიდაზე გვედგა, სადაც ჩვენი პატარა იწვა, უფროსები კი ღუმელთან ვიყავით მოკალათებული და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ასე გადავიტანეთ მძიმე დღეები.
ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში. ჩემთვის მიუღებელია, შვილების გულისთვის ცოლ-ქმარმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ სულ ჩხუბი და კამათი ჰქონდეთ. ამით შვილებს უფრო დააზარალებ. ნატალია ჩვენს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა. ალბათ ეს მშობლებზეც არის დამოკიდებული. მას ბებია ტატულისთან და მამიდასთან, მარიკასთან, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვი ახლობლებს არ მოვწყვიტე. ტატული 53-ე სკოლის დირექტორი იყო (ნატალიამ ეს სკოლა დაამთავრა). მარიკა კი კერძო სკოლა “XXI საუკუნის” დირექტორია. ჩემი გოგონასთვის ის დღემდე უერთგულესი მამიდაა." - იხსენებს ეკა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.
ნატალია ქუთათელაძეს ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს - იგი ეკა მამალაძის შვილი და ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილია. ნატალია, დედის და ბებიის მსგავსად, შესანიშნავად მღერის. იგი ჯერ თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.
ნატალია რამდენიმე წელია დაოჯახებულია - მისი რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს.
"მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის."