Victoria’s Secret-ის შოუ, რომელიც წლების განმავლობაში მოდის სამყაროს ყველაზე ელეგანტურ და მოლოდინით სავსე მოვლენად ითვლებოდა, ოფიციალურად ბრუნდება. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ბრენდის გასული წლის ნიუ-იორკული დაბრუნება ნამდვილ სანახაობად იქცა, სადაც პოდიუმზე ბრწყინავდნენ ბელა და ჯიჯი ჰადიდები, კეიტ მოსი და ლეგენდარული ტაირა ბენქსი და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მატილდა გვარლიანი.
შოუს მუსიკალური ნაწილი არანაკლებ შთამბეჭდავი იყო: სცენაზე გამოჩნდნენ ლისა, ტაილა და შერი, ხოლო პირველ რიგში ვარსკვლავებით სავსე აუდიტორია იჯდა, მათ შორის — ქარდი ბი. ამ შთამბეჭდავი დაბრუნების შემდეგ, Victoria’s Secret წელს კიდევ ერთხელ გეგმავს გრანდიოზულ წარმოდგენას, რომელიც 2025 წლის 15 ოქტომბერს ბრუკლინში, ნიუ-იორკში გაიმართება.
Victoria’s Secret მაყურებლებს საშუალებას აძლევს, ღონისძიება პირდაპირ ეთერში ნახონ. შოუ დაიწყება საღამოს 7 საათზე (ET) და მისი ყურება შესაძლებელი იქნება Amazon Prime Video-ზე, Amazon Live-ზე, ასევე ბრენდის ოფიციალურ YouTube, TikTok და Instagram გვერდებზე. წითელ, უფრო სწორად, „ვარდისფერ ხალიჩაზე“ გასეირნება კი პირდაპირ ეთერში დაიწყება ნახევარი საათით ადრე, 18:30-ზე. ვინც პირდაპირ ტრანსლაციას ვერ უყურებს, შოუს ჩანაწერი მოგვიანებით აიტვირთება Victoria’s Secret-ის ოფიციალურ YouTube არხზე.
საქართველოში ამ შოუს ყურება სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ლაივ ჩართვის საშუალებით იქნება შესაძლებელი. შოუ, ჩვენი დროით, 16 ოქტომბრის გამთენიას, 03:00 საათზე დაიწყება.
წლების განმავლობაში ანგელოზებმა სხვადასხვა პრესტიჟულ ლოკაციაზე გაიარეს — Plaza Hotel-ში, Lexington Avenue Armory-ში და ლოს-ანჯელესის Kodak Theatre-ში, თუმცა, როგორც ჩანს, ბრუკლინი VS-ის ახალი მთავარი არენა გახდება.
განსაკუთრებული სიახლეა ისაა, რომ მაყურებლებს შოუს მიმდინარეობისას შეეძლებათ პოდიუმზე ნანახი ნივთების შეძენა პირდაპირ Amazon Live-დან. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი Victoria’s Secret-ის ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება 4,000-ზე მეტი პროდუქტი: ბიუსტჰალტერები, საცვლები, პიჟამები, აქსესუარები და სხვა. მართალია, ანგელოზის ფრთების შეძენა ამჯერადაც შეუძლებელი იქნება, მაგრამ ბრენდი გვპირდება სრულიად ახალ კოლექციას, რომელიც ელეგანტურობასა და კომფორტს აერთიანებს.
Victoria’s Secret-ის დაბრუნება არა მხოლოდ მოდის მოყვარულთათვის, არამედ ბრენდის ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ცდილობს კვლავ დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც თავდაჯერებულობისა და ქალურობის სიმბოლო, და დაამტკიცოს, რომ თუნდაც წლების შემდეგ, მისი ანგელოზები კვლავ მზად არიან მსოფლიოს პოდიუმი დაიპყრონ.