"ზამთარში გინდათ ძმრით შეაზავებთ, გინდათ - ნიგვზით" - როგორ შევინახოთ წითელი წიწაკა ზამთრისთვის - Marao

"ზამთარში გინდათ ძმრით შეაზავებთ, გინდათ - ნიგვზით" - როგორ შევინახოთ წითელი წიწაკა ზამთრისთვის

2025-10-16 12:35:55+04:00

შემოდგომასთან ერთად დიასახლისებმა დაიწყეს ფუსფუსი, თუ როგორ შეხვდნენ ზამთარს, როგორ მოამზადონ ზამთრისთვის შესანახი გემრიელობები. თაროებზე მწკრივად დაწყობილი მურაბები, კომპოტები და მწნილები არა მხოლოდ ზამთრის ცივი დღეების სიამოვნებაა, არამედ ერთგვარი ტრადიციაა. თუმცა იმისთვის, რომ ზამთრამდე პროდუქტი არ გაფუჭდეს და თავისი არომატი შეინარჩუნოს, აუცილებელია ქილების სწორად სტერილიზება.

  • რეცეპტი: "არც სტერილიზაცია სჭირდება, არც - ასპირინი, ინახება ზამთრისთვის" - მკვახე პომიდვრის სალათა ზამთრისთვის 

როგორ გავასტერილიზოთ ქილები

ქილების სტერილიზაცია უზრუნველყოფს ბაქტერიების, ობისა და სხვა მიკროორგანიზმების განადგურებას, რაც პროდუქტის გახრწნისა და აფუჭების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. პროცესი მარტივია, თუმცა საჭიროებს სისუფთავესა და სიზუსტეს.

ღუმელში სტერილიზაცია - ყველაზე პრაქტიკული და თანამედროვე მეთოდია ღუმელში სტერილიზება.დაიწყეთ ქილების საფუძვლიანი რეცხვით – გამოიყენეთ ცხელი წყალი და სოდა ან თხევადი სარეცხი საშუალება. შემდეგ ქილები გაავლეთ სუფთა წყლით და დაალაგეთ ღუმელში თავით ქვევით, ისე რომ არ ეხებოდნენ ერთმანეთს.ღუმელი ჩართეთ 120–130°C ტემპერატურაზე და ქილები გააჩერეთ 15–20 წუთით.ამ დროის შემდეგ ქილები მზად იქნება – ამოიღეთ ფრთხილად და გამოიყენეთ მაშინვე, სანამ ჯერ კიდევ თბილია. თავსახურები ღუმელში არ უნდა მოათავსოთ.

ადუღების ტრადიციული მეთოდი - თუ გირჩევნიათ უფრო კლასიკური გზა, შეგიძლიათ ქილების ადუღება.გარეცხილი ქილები მოათავსეთ დიდ ქვაბში, ისე რომ არ შეეხონ ერთმანეთს. დაასხით წყალი ქილების დაფარვამდე და ადუღეთ 10–15 წუთით. შემდეგ ქილები ფრთხილად ამოიღეთ და დაალაგეთ სუფთა ტილოზე.

ორთქლის სტერილიზაცია - მესამე, სწრაფი და ეფექტური მეთოდია ორთქლით სტერილიზაცია.ქვაბის ძირში დაასხით 2–3 სანტიმეტრი წყალი, ზემოდან მოათავსეთ ბადე ან სპეციალური თავსახური და დააყენეთ ქილა პირით ქვემოთ.როდესაც წყალი ადუღდება, ქილა ორთქლზე გააჩერეთ 10–15 წუთით.

  • ტომატის საწებლის რეცეპტი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიარა: ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტი 

წითელი წიწაკის შენახვა

ჩვენს მკითხველს განსაკუთრებით უყვარს წიწაკის შენახვის ვარიაციები, ამიტომ სხვადასხვა რეცეპტს ჩვენს ხშირად გიზიარებთ. ამჯერად გთავაზობთ "დიანას რეცეპტორის" ვიდეოს და გასწავლით, როგორ შევინახოთ წითელი წიწაკა ზეთსა და მარილში ქილებში.   

"წითელი წიწაკა კარგად გავასუფთავეთ, გავჭერით შუაზე და მცენარეულ ზეთში შევწვით ორივე მხრიდან. მე და დედამ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ შემწვარ მდგომარეობაში შეგვენახა ქილებში. ზამთარში გვინდა ზეთსა და ძმარში შევანელებთ, გვინდა ნიგოზთან ერთად სალათად ვაქცევთ. ვიფიქრეთ, რომ ასე უფრო პრაქტიკული იქნებოდა. რაც შეეხება ქილების სტერილიზაციას, ქილები მოვათავსეთ დიდი ზომის ქვაბში, წყლის ადუღებიდან 20-25 წუთი გავაჩერეთ დუღილის ტემპერატურაზე და დავასტერილეთ", -  ამბობს ფუდ ბლოგერი დიანა.

  • წიწაკა ქილებში - ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტი, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს