გსმენიათ ნათელა გუგულაშვილის სახელი? გოგო, რომელიც 14 წლის ასაკში ჟურნალ LIFE-ის ყდაზე მოხვდა - Marao

გსმენიათ ნათელა გუგულაშვილის სახელი? გოგო, რომელიც 14 წლის ასაკში ჟურნალ LIFE-ის ყდაზე მოხვდა

2025-10-16 16:40:37+04:00

გსმენიათ ნათელა გუგულაშვილის სახელი? თუ არა, ალბათ, მისი ფოტო ჟურნალ LIFE-ის ყდიდან მაინც გინახავთ. გაინტერესებთ, როგორ მოხვდა 14 წლის გოგო ამერიკული ჟურნალის პირველ გვერდზე? 

ამბავი მაშინ დაიწყო, როცა 1963 წელს საბჭოთა კავშირის ქვეყნების შესახებ საქართველოში LIFE-ის კორესპონდენტები ჩამოვიდნენ. ნათელა გუგულაშვილი მაშინ გურჯაანში ცხოვრობდა, სკოლაში სწავლობდა და ცხოვრობდა ისე, როგორც მისი სხვა თანატოლები. ჟურნალის ყდაზე გამოჩენის შემდეგ კი ის საქართველოში ყველაზე პოპულარულ ქალად იქცა, გახდა „სუხიშვილების“ მოცეკვავე და ანსამბლ „ორერას“ სოლისტზე, ზურაბ იაშვილზე იქორწინა. 

  • 78 წლის ლეგენდა და ამბები ლეგენდარულ კადრებს მიღმა: მანანა აბაზაძის ლამაზი გზა და აქამდე უცნობი ისტორიები

ცხოვრების ამ სამი მნიშვნელოვანი ეტაპის - ჟურნალის ყდაზე მოხვედრის, „სუხიშვილებისა“ და ქორწინების შესახებ ნათელა გუგულაშვილმა რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში ისაუბრა: 

natela

LIFE-ის ყდა

- ამერიკული ჟურნალის რეპორტიორები გურჯაანში რომ ჩამოვიდნენ, მე სკოლაში ვსწავლობდი, თან ვცეკვავდი. უცხოელები სტატიას ამზადებდნენ საქართველოზე და ჟურნალის გარეკანზე დასაბეჭდად გოგონას ეძებდნენ. ვაზისუბანში მევენახეები მუშაობდნენ, მე ვითომ კონცერტს ვუტარებდი და ვიცეკვე, თან ფოტოგრაფი იღებდა. ამიტომ აწერია გარეკანს "გოგონა ვაზისუბნიდან". გვიანი შემოდგომა იყო, ძალიან ციოდა, მე კი ქართული კაბა მეცვა...

  • მეგობრობა ნანი ბრეგვაძესთან, მოულოდნელად ნაპოვნი სიყვარული და ისტორიად ქცეული გზა: ნანული აბესაძის ოჯახი, კარიერა და უცნობი ამბები

ჟურნალ LIFE-ში ფოტოს დაბეჭდვის შესახებ მხოლოდ ორი წლის მერე შევიტყვე, მას შემდეგ, რაც გაზეთმა "კომუნისტმა" გამოაქვეყნა, რომ ამერიკულმა გამოცემამ დაბეჭდა სტატია საბჭოთა კავშირის ქვეყნების შესახებ სათაურით: "საბჭოთა ხალხი ღმერთის დაუხმარებლად", სადაც საქართველოზე ვრცლად ეწერა და ჩემი ფოტოც ჰქონდათ დართული.

"სუხიშვილები"      

სკოლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, თან უნივერსიტეტის ანსამბლში ვცეკვავდი. იმ პერიოდში იმართებოდა ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსი, სადაც ილიკო სუხიშვილი იყო ჟიურის თავმჯდომარე. კონკურსის დასრულების შემდეგ შემომთავაზა,"არ გინდა, ჩვენს ანსამბლში იცეკვოო. ნინო რამიშვილმა პირდაპირ მკითხა, შეყვარებული თუ გყავსო? არ მიყვარს, ანსამბლში ვინმეს რომ მივიღებ და მალე თხოვდებაო. პირობა შევუსრულე, ანსამბლში მისვლიდან გვიან გავთხოვდი.

უცხოელები კონცერტიდან კონცერტზე დაგვყვებოდნენ, კონცერტის შემდეგ კულისებში შემოდიოდნენ, ავტოგრაფებს ითხოვდნენ, სურათებს იღებდნენ. ნინო გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდა - გოგო ლამაზი უნდა ყოფილიყო. თვალები, ცხვირი, ოვალი, თავზე ჩიხტი უნდა მოგხდომოდა.

  • "თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავდა... 91 წლის ასაკში გარდაიცვალა" - ვინ არის ქალი, რომელიც ჩვენი საყვარელი სიმღერების ავტორია

"სუხიშვილების" დღევანდელი ახალი პროგრამა არაჩვეულებრივია, ისინი ჩვენი საქმის ღირსეული გამგრძელებლები არიან, თანამედროვეობას კარგად აუღეს ალღო და ქართული ცეკვა კიდევ უფრო დახვეწეს.

gugulashvili

ქორწინება

თუ მსოფლიოში "ბითლზები" იყვნენ, ქართველებს "ორერა" გვყავდა. ხალხის ზღვა მოდიოდა კონცერტებზე. ერთხელ ბაქოში ვართ, კონცერტის შემდეგ ლიფტში ზურიკო იაშვილსა და ნანი ბრეგვაძეს შევხვდი. ნანი ეუბნება, "ზურიკო, ნახე, რა გოგოაო..." დაქორწინების შემდეგ მე ცეკვა გავაგრძელე, ზურიკომ - სიმღერა. ზურიკოს მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. ბევრი ახალი სიმღერა, რომელმაც მომავალში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ჩვენს სახლში იბადებოდა.

ზურიკო არაორდინარული პიროვნება იყო. მახსოვს, გერმანიაში საბჭოთა კავშირის კულტურის დღეებს აღნიშნავდნენ. კონცერტს უნდა დასწრებოდა ბრეჟნევი, უნდა გამოსულიყო "ორერა" და "სუხიშვილების" პატარა ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელი ზურიკო იყო. მოსკოვში ჩავსხედით თვითმფრინავში და ზურიკო არ არის. სტიუარდესას ვეკითხები, სად არის ჩვენი ხელმძღვანელი-მეთქი. თურმე პასპორტის გამოცვლა დავიწყებია. ჩავფრინდით გერმანიაში ხელმძღვანელის გარეშე. საბედნიეროდ, კონცერტს ჩამოუსწრო.

natela