ლიკუნა ჩაჩიბაიას ცხოვრება 2012 წელს უბედური შემთხვევის შედეგად სრულიად შეიცვალა. ის მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა. როგორც თავად იხსენებს, მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ 16 წლის გოგონამ ეს სიყვარულის გამო გააკეთა. სინამდვილეში კი ეს უბედური შემთხვევა იყო და ლიკუნა ჩაჩიბაია სასწაულებრივად გადარჩა.
ლიკუნას ერთი ხელის ამპუტაცია დასჭირდა, მაგრამ მან საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა - მეტიც, ის ახლა წარმატებული სპორტსმენია და მის ანგარიშზე არაერთი გამარჯვებაა.

ლიკუნა ჩაჩიბაიას ისტორია
„დავიბადე ძალიან კარგ, წესიერ და სიყვარულით სავსე ოჯახში. ჩვეულებრივ, ორი ხელით, რა თქმა უნდა. რამდენიმე წლის წინ, მოხდა შემთხვევა, რომლითაც მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.
ხისტი ვიყავი, მიყვარდა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი. ყველას ეგონა, რომ ხელის ამპუტირების შემდეგ, საკუთარ თავს რამეს დავუშავებდი, ეს ასე არ ყოფილა. ყველაფერს მშვიდად შევხვდი.
დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, ამის მერე ძალიან ბევრი დრო გავიდა“, - იხსენებდა ლიკუნა ჩაჩიბაია.
ამჯერად მშვენიერი ლიკუნა Natali Talks-ს ესაუბრა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შესახებ:
„მახსოვს, როგორ დავეცი, როგორ ვყვიროდი და როგორ მტკიოდა. ცუდად არ მახსენდება, მე იმ დღეს იმდენი ბრძოლა გავიარე საკუთარი სიცოცხლისთვის, ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, კარგი იყო. რომ არა ის შემთხვევა, სხვა დანარჩენი ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა…
სიკვდილის ძალიან მეშინოდა, სიკვდილს ებრძვი და უგებ, ამაზე მეტად, მგონია, ცხოვრებაში ვეღარ გავიმარჯვებ…

მოვიდა მადლიერების გრძნობა უფლის მიმართ. რომ არა ეს, არ ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც ვარ… პირადად მე უფლის მადლიერი ვარ, რომ არა ის, მე ვერ გადავრჩებოდი. მთავარია, ვიყოთ ცოცხლები, ერთი ხელით ვიქნებით, ერთი ფეხით თუ ერთი თვალით, ამას ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა…
როცა კომაში ვიყავი და ოპერაციები მიკეთდებოდა, თითქოს ჩემი სული უყურებდა ჩემს თავს, ამიტომ როცა გავიღვიძე, უკვე მიღებული მქონდა ის, რომ ხელი აღარ მქონდა…
ჩემს „ტიკ-ტოკზე“ მიწერენ ხოლმე, დამალე ეგ ხელიო და რატომ უნდა დავმალო, ვინ მალავს საკუთარ თავს?
მინდა, პოზიტიური რწმენა და ხედვა გავუზიარო ახალგაზრდებს, ვინც პატარა წვრილმანის გამო სახლში ზის…“
