ნინო ხაჟომია იმ ჟურნალისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც შექმნეს ქართული მედია გარემო. ნინომ წლების განმავლობაში არაერთ პროექტსა და გადაცემაზე იმუშავა. ნინომ ტელევიზიის შემდეგ ბიზნესშიც მოსინჯა საკუთარი ძალები. 2020 წელს ნინო აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად დანიშნეს, მას შემდეგ კი ეკრანიდან უფრო მეტად კულისებში გადაინაცვლა და მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.
ცოტა ხნის წინ ნინო ხაჟომიამ საჯაროდ ისაუბრა მძიმე დიაგნოზზე, საკუთარ გამოცდილებასა და ფიქრებს კი ის სხვა ქალებსაც აქტიურად უზიარებს. ამჯერად კი ნინოსთან ინტერვიუს „თოდუას კლინიკა“ ავრცელებს. ვიდეოდან ვიგებთ, რომ
თოდუას კლინიკა ავრცელებს ინტერვიუს ჟურნალისტ ნინო ხაჟომიასთან, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის მძიმე გზას იხსენებს, რომელსაც ექიმთან, ნანა ოთხოზორიასთან ერთად გადის.
ნინო წერს, რომ ორი მეგრელი შეეჭიდა ამ რთულ დიაგნოზს: „ორი მეგრელი შევეჭიდეთ ამ რთულ გზას… ექიმის არჩევა, რომელმაც 10 წელი უნდა გიმართოს ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი – მე ძალიან გამიმართლა.
ნანა ჩემთვის იყო აღმოჩენა. როცა ჩავამთავრე ოპერაცია, დავიწყე ონკოლოგის ძებნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან უნდა ემართა ჩემი ჯანმრთელობა. მინდოდა ექიმი, რომელიც ჩემს ვიბრაციებზე დაჯდებოდა. პირველი, როცა შევედი და დავინახე, ვთქვი, ეს არის ის ექიმი, რომელიც გამატარებს ამ გზას ისე, როგორც უნდა გავიარო…
ემოციური ფონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნდა მიიღო მოცემულობად შენი ცხოვრების იმ პერიოდში. უნდა მიჰყვე მკურნალობას, როცა დამთავრდება, უნდა აკონტროლო. როგორც კი დიაგნოზს გაიხდი ცხოვრების წესად და, ასე ვთქვათ, მიჰყვები ჯანმრთელი ცხოვრების წესს, იქ რისკებიც მცირდება. ღირს რაღაცების დათმობა იმისთვის, რომ გრძელი ტკბილი და ლამაზი ცხოვრებით იცხოვრო…“
ექიმი ნანა ოთხოზორია აღნიშნავს, რომ ნინომ ხაჟომიამ მძიმე სენი უკვე დაამარცხა და ახლა მკურნალობის ბოლო ეტაპზეა.
ნინო ხაჟომიამ 2017 წელს ვრცლად ისაუბრა უშვილობისა და მის ცხოვრებაში მოსული დიდი სიხარულის შესახებ:
"ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული.
ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ე.წ. „მიმდინარეობა“, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ პროგრესულ იდეას და მათ შორის კრძალავს ინ ვიტრო განაყოფიერებას. სხვათა შორის, წლების მერე, ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, რომ ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. ვუპასუხე: ღმერთს თუ უნდოდა უშვილო ვყოფილიყავი, მაშინ ინ ვიტროც წარუმატებელი იქნებოდა-მეთქი.
საბა გაჩნდა წარმატებით, თუმცა 9 თვის განმავლობაში სულ იყო იმის საშიშროება, რომ მომშლოდა. ამ პერიოდში არ მტოვებდა იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა მეორე შვილი, რომელსაც ვიშვილებდი...ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობაც ჰქონდა.რამდენიმე ათეული წლის წინ, გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი. ეს ფიქრი რეალურად მაშინ განვახორციელე, როცა საბა წლინახევრის იყო და მე და ჩემი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩავდექით... ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ჩვენი მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მორწმუნეა, ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. ამბობდა, რომ ეს „სირცხვილია“, რომ გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და არ გვეცოდინებოდა, როგორი გაიზრდებოდა ჩვენი აყვანილი შვილი. ყურს არ ვუგდებდი არავის", - ამბობდა ნინო ხაჟომია.