„არ ვიცოდით, დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.
დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო, როგორსაც ისურვებდა.
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და, ეკა გვრიტიშვილი— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ .
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა, მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა“ - წერს სოციალურ ქსელში მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, ხატია ხოსროშვილი.
ამ განცხადებამდე ხატია ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მის დედას, ყველასთვის კარგად ნაცნობს და საყვარელ მსახიობს, დონარა გვრიტიშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები ჰქონდა, მისი ერთადერთი სურვილი კი პატიმარი შვილის ნახვა იყო. ხატიამ განმარტა ისიც, რომ მისი ძმა საპატიმროს 5 ნოემბერს ტოვებს, თუმცა დონარა გვრიტიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო:
"დღეს მინდა გთხოვოთ ყველას — მოქალაქეებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, საჯარო პირებს და განსაკუთრებით იმ უწყებებს, ვისი კომპეტენციაცაა ადამიანის ელემენტარული სურვილის შესრულება — პატიმარს მისცეს უფლება, ბადრაგის თანხლებით ნახოს მომაკვდავი დედა.
ეს არ არის სენტიმენტებზე აგებული თხოვნა. ეს არის მიმართვა ადამიანობის სახელით.ყველა კანონი, ინსტიტუცია და მექანიზმი ადამიანებისთვის და ადამიანების მიერაა შექმნილი — და თუ ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანობაა, მაშინ ახლა სწორედ ის წუთია, როცა ამ ღირებულების შემჩნევა და რეალიზება შეგვიძლია.
ბევრისათვის საყვარელი და ძვირფასი მსახიობი — დონარა გვრიტიშვილი უმძიმესი დიაგნოზით სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის. მისი ერთადერთი სურვილი და ძალა, რაც დღემდე აცოცხლებს, არის ბოლო შეხვედრა შვილთან — გიორგი ხოსროშვილთან, რომელიც უკვე მხოლოდ რამდენიმე კვირაში ასრულებს სასჯელს (5 ნოემბერს). დონარას დრო აღარ აქვს — არც საათებით, არც დღეებით. დაწერილია განცხადებები შესაბამის სტრუქტურებში, მაგრამ შეხვედრა ისევ სათუოა. ეს შეხვედრა კი უბრალოდ "დამშვიდობება" არ არის — ეს არის ერთი დედისა და შვილის ადამიანური უფლება.და ამ უფლების ადგილო კანონშიცაა და საზოგადოებაშიც.
მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ დონარა გვრიტიშვილის მდგომარეობა და მიიღოთ ადამიანური გადაწყვეტილება.ვიწვევ საზოგადოებასაც, რომ ხმა მიაწვდინოთ გადაწყვეტილების მიმღებებს.დონარა — ღირსეული ადამიანი და არტისტი — არ უნდა წავიდეს ამ სამყაროდან იმ ტკივილით, რომ ვერ ჩაიხუტა შვილი, რომელთან შეხვედრასაც ხუთი წელი ნატრობდა..." - წერდა დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი.