რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შესახებ გავრცელებულმა ემოციურმა ამბავმა უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, დონარა გვრიტიშვილი, მაყურებელმა არაერთ თეატრალურ დადგმასა თუ კინოში იხილა, მათ შორის, მისი ფილმოგრაფიიდან გამორჩეულია ლევან ზაქარეიშვილის „ისინი“, რამაზ იოსელიანის „მაგრამ რა მერე?“, ლევან ანჯაფარიძის „არის ასეთი ქვეყანა“, ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი“ და სხვ.
ის 1956 წლის 8 ივნისს დაიბადა. იხსენებდა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრებმა მუსიკალურ ტექნიკუმში ჩააბარებინეს, რადგან მის დედას ძალიან უყვარდა სიმღერა. მშობლები უცხო ენების ინსტიტუტში მოსახვედრადაც ამზადებდნენ, მაგრამ ბედის ბილიკებმა ახალგაზრდა დონარა სულ სხვა გზებით წაიყვანა:
„დედას ძალიან უყვარდა სიმღერა. მხიარული, პრანჭიკელა, კოხტა და კეკლუცი ქალი იყო. სახლს რომ ალაგებდა, მაშინაც სულ გალობდა და ჭიკჭიკებდა ხოლმე. თურმე, მასაც ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ ჩემს ოჯახში ეგ თემა არც განიხილებოდა. მე მუსიკალურ ტექნიკუმში ჩამაბარებინეს, იმიტომ რომ მშობლებს ასე უნდოდათ. მერე უცხო ენებში ჩასაბარებლად მამზადებდნენ. აი, მაშინ ვიხმარე ჭკუა თუ თავი დავიღუპე – დღემდე არ ვიცი, რატომ, მაგრამ მსახიობობა ავირჩიე. ოცნებებს თვითონ მივყავართ საკუთარ ბილიკებზე და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც”, - ამბობდა მსახიობი.
ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილების დროს დედა გვერდით დაუდგა, მამა კი - გაუნაწყენდა. ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდაო, იხსენებდა მსახიობი.
დონარა გვრიტიშვილი ამბობდა იმასაც, რომ ეს ერთადერთი წინააღმდეგობა არ იყო მამისადმი - მეორედ მაშინ გაანაწყენა, როცა გათხოვება გადაწყვიტა, თუმცა ეს ამბავი მამა-შვილის სიყვარულს, რა თქმა უნდა, წინ ვერ დაუდგა.
„აგურ-აგურ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი წინ. იყო პერიოდი, როცა გაოცებული ვფიქრობდი, მეც ხომ მსახიობი ვარ და რატომ არ ვარ პოპულარული-მეთქი. მე თვითონ ეს მიზანმიმართულად არასდროს მიცდია. ეტყობა, ეს შენში უნდა იქოქებოდეს, მერე ადგები და სიჩქარეში ჩააგდებ. მე ასე არ მოვქცეულვარ, მაგრამ მერე და მერე თავისით მოვიდა. მოვიდა დიდი სიყვარული და სითბო, რომელიც ისეთ სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებს ადამიანს, რომ ენით ვერ აღწერ, ეს წარმოუდგენელია. მეტირება, რომ მახსენდება. უცხო ადამიანი რომ მოგვარდება, ჩაგეხუტება და გეუბნება, როგორ მიყვარხართო, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!”
ამ დიდ სიყვარულს დონარა გვრიტიშვილი არამხოლოდ საქართველოში, მის საზღვრებს გარეთაც გრძნობდა, მაშინ, როცა ამერიკაში მოუწია წასვლა.
„2021 წლის სექტემბერი იყო, დოკუმენტური ფილმის პროექტზე სამუშაოდ რომ წავედით ჯერ ევროპაში და მერე ამერიკაში ჩავედით. გადაღებები გვქონდა ევროპის ბევრ საინტერესო ქვეყანაში და ამერიკა იყო სიურპრიზი. მე მქონდა ამერიკის ვიზა და შემეძლო, შემოვსულიყავი და გავსულიყავი.
ემიგრანტობა არ ყოფილა ჩემი არჩევანი, ამერიკა მით უმეტეს. ამერიკაში ცხოვრებაში არ მიოცნებია. მე ისეთი შეყვარებული ვარ ჩემს ქვეყანაზე და აქ ისეთი ნოსტალგიები დამემართა, ვერც აღგიწერთ. ეს ყველაფერი ისე მძიმედ გადავიტანე, რომ ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა”.
სწორედ ამერიკაში ყოფნის დროს შეიტყო დონარა გვრიტიშვილმა იმ დიაგნოზის შესახებ, რომელმაც მისი მთელი ცხოვრება შეცვალა.
„აბსოლუტურად ვერაფერს ვგრძნობდი, არაფერი მტკიოდა, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, მაგრამ უცებ ორგანიზმმა კლინიკური სურათი მომცა. საბედნიეროდ, დაზღვევა მქონდა, რადგან ამერიკაში ლეგალურად ვიყავი შემოსული. საოპერაციო აღმოვჩნდი. ძალიან რთული გზა გავიარე. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, ენით აღუწერლად დიდი. იყო ტკივილი, იყო შიში, იყო პანიკა, მაგრამ სიკვდილის შიში არ მქონია. სამშობლოში არ დაბრუნების შიშმა შემიპყრო. შემეშინდა, რომ ჩემი შვილები ასე გამწარდებოდნენ, ასეთი ფორმით დაკარგავდნენ დედას. ამ ფიქრმა დიდი შინაგანი პროტესტი გამოიწვია. „არა!“ – ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელმა ჩემმა სხეულმა და გონებამ დაიჯერა, ჩემმა სულმა დაიჯერა და ბოლომდე უფალს მივენდე”.
თავად ამბობდა, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ მეუღლეში ძალიან გაუმართლა.
„ქვრივობა იყო ჩემი ბედისწერა. წლებია, მეუღლე გარდამეცვალა. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. არაჩვეულებრივი შეყვარებული იყო და მის გვერდით ყოველთვის ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს. ლექსებს მიწერდა, მანებივრებდა… სამი შვილი მყავს – ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი”.
სწორედ ოჯახი, შვილები და ხალხის დიდი სიყვარული აღმოჩნდა დონარა გვრიტიშვილისთვის ის, რამაც რთული დღეების გადატანა შეაძლებინა:
„არასდროს მიცხოვრია მარტივად. თუმცა, სულ მინდა, ეგეთი ქალი ვითამაშო – ცხოვრებით ნებიერი. იყო ბედნიერი პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, როგორც ქალი – ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, როგორც დედა – ნამდვილად ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის დიდი სირთულეების გადალახვა მომიწია. ბევრი ისეთი ნაბიჯი გადამიდგამს, რომელიც არც კი მეგონა, რომ შემეძლო. რაც არ უნდა რთული იყოს, სიცოცხლე დიდი საჩუქარია”.