„სიყვარული არის მთავარი ღერძი ადამიანისა და ადამიანობისა, რომ ხარ, უნდა გიყვარდეს და შენც უნდა უყვარდე… ეს არის წლები შენი არსებობისა, თუ გნებავთ, შემოქმედებისა, თუ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის მიმართ დამოკიდებულებისა. მერე კი თქვენნაირი ხალხი იტყვის, ჩვენთვის საყვარელი ადამიანიაო.
კაფე „ნარგიზი“ გახსოვთ რუსთაველზე. თეთრი ლაბადა მამიდაჩემმა ჩამომიტანა იუგოსლავიიდან… „სანთლები“ ჟღერდა ყველა უთოში. დავინახე ლია დევდარიანი, ჩემი მეგობარი, მის გვერდით მანანა, რომელიც მისი კარის მეზობელი ყოფილა. მეტი რაღა უნდა მოგიყვეთ? პირველი ნახვით დენმა დამარტყა… ერთმანეთი სექტემბერში გავიცანით. 15 მარტს გვქონდა ქორწილი. 52 წელია უკვე, რაც ერთად ვართ. 50 წელი აღვნიშნეთ დიდი პურმარილით, სტუმრებით… იდეა ვისი იყო? ასეთი შეკითხვა აღარ დამისვათ – ყველა იდეა არის მანანასი. ჩემი იდეაც რომ იყოს, მაინც ვიტყვი, რომ მანანასია.
მე ერთი ქალი მივლის, ცისანას თავისი ჰყავს ბევრი მოსავლელი. მე მინდოდა პირველი შვილი გოგო. მინდოდა, რომ მისთვის ცისანა დამერქმია, მანანას დედას და დიდ ბებიას ერქვა ცისანა, ამიტომ ტრადიცია რომ გამეგრძელებინა, ჩემს შვილსაც დავარქვი. გიჟი მამა დღესაც ვარ. მამა თუ ხარ, გიჟი უნდა იყო, აი, რომ გაკლია, რა. შვილი თუ გიყვარს დედას, მამას, დაცენტრილი ხარ მთელი ცხოვრება. ჩემთვის მთავარი არის შვილი. შვილიშვილი არის ძალიან დიდი სიყვარული, დიდი სიამაყე, მაგრამ კიდევ არის შვილთაშვილი, გვყავს ნიკო წერეთელი", - ამბობს ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ჯემალ სეფიაშვილი.
ჯემალ სეფიაშვილი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი, საქართველოს სახელმწიფო და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია.
1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1968 წლიდან მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად და თანამშრომლობდა ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლთან „მელოდია“; ამ ანსამბლისთვის დაწერა სიმღერა „სიყვარულის სანთლები“, რომელმაც კვარტეტ „თბილისის“ შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1972 წელს ირმა სოხაძის საავტორო კონცერტზე წარმატებით შესრულდა მისი 12 სიმღერა. 1978–1986 წლებში მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი. განსაკუთრებით პოპულარული იყო გადაცემა „შეხვედრები მიკროფონთან“ (1972–1986). 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მორის ფოცხიშვილის ლექსებზე (ანსამბლ „ორიონის“ შესრულებით). 1986–1987 წლებში მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად. 1991 წელს იყო საქართველოს პროფკავშირების კულტურის განყოფილების კომისიის თავმჯდომარე. 1991 წელს აღადგინა საქართველოს კულტურის მოღვაწეთა პროფკავშირი და იყო მისი თავმჯდომარე. 1995 წელს საქართველოს კულტურის, 2001 წელს რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მიუძღვნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ (მორის ფოცხიშვილის ლექსი), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა (შეასრულა ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა). არის არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა: „ო ენავ ჩემო, დედაო ენა“, „დედა“ (მინდორ-ველი მოუჩითავს იებს), „ჭაღარა“, „სანთლები“, „გაზაფხული შემოსულა ლენ“ „გიხაროდენ“ და მრავალი სხვა.
ჯემალ და მანანა სეფიაშვილებმა ცოტა ხნის წინ თანაცხოვრების 50 წელი აღნიშნეს.
"უპრობლემო ოჯახი არ არსებობს, არც არის საჭირო, პრობლემა გზრდის, პრობლემა გამზადებს, პრობლემა შენს ცნობიერებას ცვლის…ცხოვრებაში მოულოდნელი რაღაცები ხდება, მაგრამ მთავარია, რომ ოჯახი უნდა გინდოდეს. ოჯახი ვისაც უნდა, ის ოჯახზე ზრუნავს. ზრუნავს იმაზე, რომ ოჯახი შეინარჩუნოს. შეცდომა ბევრი მოსდის კაცსაც და ქალსაც, ვის რამდენი მოსიდს კაცმა არ იცის… მაგრამ უნდა იყო დიდი ადამიანი, ცოლმა ქმარს და ქმარმა ცოლს რაღაცები უნდა აპატიოს და რომ აპატიებ ამით უნდა იყო ბედნიერი", - ამბობდა ჯემალ სეფიაშვილი.