რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
გირაოს თანხის გადასახდელად მას 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.
ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. 2024 წლის 1 თებერვალს ღარიბაშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად (2001–2002 წლებში), სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში - Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო. ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მეუღლე - ნუნუკა თამაზაშვილი და ოთხი შვილი - ნიკოლოზი - 20 წლის, ანდრია - 15 წლის, გაბრიელი - 10 წლის და ნინო - 9 წლის.
ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.
მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა სამუშაოდ თელავში გადაიყვანეს და შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის იყო.

''სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია'', - ამბობდა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი.
ნუნუკა თამაზაშვილს ჰყავს მშობლები, ძმა - ლექსო და ორი და - ნათია და მარიამი.
„ნუნუკა კარგი დედა და მეუღლეა, რაც, ჩემის აზრით, ქალის პირველი ფუნქციაა. თავმდაბალია, ესეც კარგი თვისებაა. სასიამოვნო გარეგნობისაა, თბილი და კეთილშობილი“, - ასე აფასებდა ნუნუკა თამაზაშვილს მისი მეგობარი, ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ნიკუშა შენგელაიას მეუღლეა.

ფართო საზოგადოებამ ნუნუკა თამაზაშვილი პირველად 2023 წლის 17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იხილა. მაშინ თამაზაშვილმა სტუმრებისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია - მან „ოსკარ დე კლა რენტას“ 6 500 დოლარად შეფასებული კაბა მოირგო. კაბა ამ ბრენდის დამახასიათებელი სტილით - მაქმანებითა და ფერადი ყვავილებით გამოირჩეოდა.კაბის სილუეტი 50-იანი წლების სტილითაა შექმნილი.

ნუნუკა თამაზაშვილის კიდევ ერთი ხმაურიანი გამოჩენა 2014 წელს აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან შეხვედრას უკავშირდება. მაშინ საზოგადოებამ მკაცრად შეაფასა თამაზაშვილის ჩაცმულობა, მის შესახებ კი განცხადება დიზაინერმა ანუკი არეშიძემ გააკეთა:
„ქალბატონ ნუნუკას აცვია ძალიან სწორად, ქალბატონის დრესს კოდის გათვალისწინებით, ოფიციალურ მიღებაზე უნდა ეცვას კოლჰოტი (ხორცისფერი) კაბა უნდა იყოს აუცილებლად მუხლს ქვემოთ, რაც შეეხება სარჩულს, ესაა თვითონ ამ კაბის და იმ დიზაინერის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ეს ულამაზესი კაბა შექმნა“, - წერდა არეშიძე.
ნუნუკა თამაზაშვილი მაშინ აქტიური იყო სოციალურ ქსელში და, როგორც აღმოჩნდა, ქალთა უფლებების დაცვითაც იყო დაინტერესებული:
"მინდა შევუერთდე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო კამპანიას. გენდერული ნიშნით ძალადობა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რაც ძალიან აზიანებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთელ საზოგადოებას.
ამიტომ 25 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ პრობლემის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდეთ. თითოეული მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის დასაძლევად, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა მშვიდ გარემოში და თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ", - წერდა ნუნუკა თამაზაშვილი 2014 წელს.
2015 წელს, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა, თამაზაშვილი კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ - მიზეზი კვლავ მისი ჩაცმულობა გახდა.

მას შემდეგ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ ღონისძიება ყოფილა - ნუნუკა თამაზაშვილი რამდენჯერმე გამოჩნდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, საეკლესიო დღესასწაულებზე, თუმცა თამაზაშვილი მედიასთან კონტაქტით არ გამოირჩევა, არასდროს აკეთებს კომენტარს და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ ფოტოებს ათავსებს. მას საჯარო განცხადება არც მეუღლის ბრალდების შესახებ გაუვრცელებია.