მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის შესახებ ქართულ და უცხოურ მედიაში უამრავი სტატია გამოქვეყნდა. წყვილმა ჯვარი საქართველოში დაიწერა, ხელი კი ჟენევაში მოაწერა. ცოტა ხნის წინ მარიამმა გადაცემაში "შაქრით თუ უშაქროდ", სოფი ლორენზე, ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დიდია, როდესაც კინო-ლეგენდის ოჯახის წევრი ხდები. ერთგვარად საქართველოს წარმომადგენელიც ვარ, როგორც ელჩი. რეალურად, მე მხოლოდ ამ ოჯახში არ შევედი, მე შევედი იტალიურ კულტურაში. საბედნიეროდ, ბევრი საპატიო წარმომადგენელი გვყავს და მეც ჩემს თავს მსგავსად წარმოვიდგენ. სოფი ლორენთან არამარტო სტუმრობის პატივი მაქვს, არამედ მასთან ცხოვრებაც მიწევს. ჟენევაში, როცა მასთან ჩავდივარ, ყოველდღე ერთად გვიწევს ლანჩი და ვახშამი. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან თბილი ადამიანია, ეკრანზე არ ჩანს რეალურად როგორია", - ისაუბრა გადაცემაში მარიამმა.
ამასთან, მარიამმა ისაუბრა, თუ როგორ დაიწერა წყვილმა ჯვარი და როგორ აუხსნა კარლომ სიყვარული:
"მე და კარლოს ურთიერთობა ახალი დაწყებული რომ გვქონდა და პირველად საქართველოში რომ ჩამოვიდა, სამთავროს მონასტერში მივიყვანე. საეკლესიო დღესასწაული დაემთხვა და მინდოდა, რომ ეს ღირსშესანიშნაობები მეჩვენებინა. მამა გაბრიელის ძალიან მწამს, ჩემთვის ის მანუგეშებელია. ამ დროს მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ უფლის ნება არის, მაშინ დალოცე ეს ურთიერთობა-მეთქი. ეზოში რომ გამოვედით, რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სიყვარული ამიხსნა.
კარლო მართლმადიდებელი ქრისტიანი არ იყო, კათოლიკე იყო. რელიგიის შეცვლა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს ადამიანმა საკუთარი სურვილით უნდა გადაწყვიტოს. კარლომ პირველ ეტაპზევე სურვილი გამოთქვა, რომ ამ ტაძარში უნდოდა ჯვრის დაწერა. კარლომ მონათვლაც რომ გადაწყვიტა, სახელი, მამა გაბრიელის პატივსაცემად, გაბრიელი დაირქვა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქორწილის დღე, 26 ივლისი, მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენების დღე იყო.
რაც შეეხება ჩემსა და კარლოს გაცნობას, ინსტაგრამზე ფოტო ავტვირთე ფორტეპიანოსთან, ამ დროს არ ვარ პროფესიონალი მუსიკოსი და ეს ფოტო შემთხვევით ნახა კარლომ, მომწერა და სულ ეს იყო ჩვენი გაცნობის ისტორია", - ამბობს გადაცემაში ,,შაქრით თუ უშაქროდ”.
ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.
ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.

26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა.
წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.
სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:
"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!
გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.
მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერდა კარლო პონტი.