„მთელი ცხოვრება გვერდში ვუდგავარ გაჭირვებულ და დაჩაგრულ ხალხს და მათი დახმარება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ არასდროს მეგონა, რომ სამიზნე მე გავხდებოდი და მე დამჭირდებოდა დახმარება. თუმცა, თქვენი დახმარებით, მე შემიგროვდა სწავლის თანხა და - არამარტო. მინდა მადლობა გადავუხადო კაფკას „პროცესის" მკითხველს, ასევე გვერდში დგომისთვის. სიყვარულით, არჩილ მუსელიანცი."
ეს ციხიდან გამოგზავნილი წერილია, რომლის ადრესატი, გამომცემლობა „პალიტრა L-ია“, წერილი მადლიერებით, ტკივილითა და იმედით სავსე ახალგაზრდა კაცისგან, რომლის ისტორია უკვე არაერთი ქართველის გულს შეეხო.
საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე, რამდენიც გინდა“ სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის დასახმარებლად გაერთიანდა. აქცია დასრულდა. ის ბევრად მეტი იყო, ვიდრე რიგითი საქველმოქმედო კამპანია. ეს იყო ადამიანური სოლიდარობის მაგალითი, რომელიც დაიწყო ერთი წიგნით, ფრანც კაფკას „პროცესით“ და იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ განათლებას მართლაც შეუძლია თავისუფლების მოტანა.
თავისუფლება მხოლოდ კედლების არარსებობა არ არის, ის ყველა ადამიანშია. ის არის შინაგანი სინათლე, რომელიც არ ქრება მაშინაც კი, როცა შენთვის გარესამყარო ბნელდება.
თავისუფლება ის რწმენაა, როცა შეგიძლია იფიქრო, ისწავლო და შეცვალო საკუთარი ცხოვრება, თუნდაც ყველაზე ვიწრო და ჩაკეტილ სივრცეში.
29 წლის არჩილი ნოემბრის პროტესტის დღეებში დააკავეს. მან ციხიდან ჩააბარა ეროვნული გამოცდები და დღეს უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. არჩილს არ ჰყავს მშობლები და არც ახლო ნათესავები, მაგრამ უკვე ჰყავს ადამიანი, რომელიც მისი დედობილი გახდა. ცარო ოშაყმაშვილი, რომელიც აქციებზე არჩილის ფოტოთი დგას, უგზავნის წიგნებს, წერილებს და ყოველ ნაბიჯზე ამხნევებს.
არჩილის შეუპოვრობითა და მიზანდასახულობით შთაგონებულმა „პალიტრა L-მა“ გამოაცხადა საქველმოქმედო კამპანია „განათლება თავისუფლებისთვის“, რათა ყველა მსურველისთვის მიეცა შესაძლებლობა, დახმარებოდა არჩილს სწავლის გადასახადის შეგროვებაში. ყველამ, ვინც შეიძინა კაფკას „პროცესი“ „ბიბლუსის“ ქსელში, თავისი წილი სიკეთე შეიტანა არჩილის ისტორიაში.
ეს ამბავი გვახსენებს, რომ თავისუფლება მხოლოდ კედლების მოშლა კი არა, განათლების მიღების, ფიქრის და უკეთეს მომავალზე ოცნების უფლებაა. „პალიტრა L-ის“ ინიციატივა მხოლოდ არჩილს კი არ დაეხმარა, არამედ დაგვანახა, როგორ იქცევა ერთი ადამიანის ბრძოლა ყველას შთაგონებად, დაგვანახა, რომ სიკეთე - გადამდებია, ხოლო განსაცდელში მყოფის დახმარება - ადამიანობაა!
„პალიტრა L-ის“ გუნდი მადლობას უხდის ყველა მკითხველს, ვინც არჩილს გვერდით დაუდგა. ეს იყო სიკეთის და იმედის ერთობლივი გამარჯვება.
(R)