ვიქტორია ბექჰემს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „გაუცინარ პრინცესას“ - დიზაინერი ფოტოებში არასდროს იღიმის და ყოველთვის სერიოზული იმიჯის აქვს. ამის შესახებ წლების მანძილზე მედიაში არაერთი თეორია ვრცელდებოდა, ამბობდნენ იმასაც, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. საბოლოოდ, ვიქტორიამ ამის შესახებ თავად ისაუბრა. მან განაცხადა, რომ არ მოსწონს ფოტოები, სადაც იღიმის, რადგან თვლის, რომ ღიმილი არ უხდება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ყველა ფოტოში მკაცრი და სერიოზული გამომეტყველება აქვს.
ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ვიქტორია ბექჰემმა ალექს კუპერის პოპულარულ პოდკასტში "Call Her Daddy“ ისაუბრა.

„მე მდიდარი ოჯახიდან არ ვყოფილვარ. გავიზარდე ლონდონში, მყავს უმცროსი ძმა და და. ჩემი მშობლები ჩვეულებრივი მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ. მამაჩემი ბევრს მუშაობდა, შემდეგ ბიზნესი დაიწყო და მეწარმე გახდა. შრომა 80-იან წლებში დაუფასდა და იმდენი ფული იშოვა, რომ Rolls-Royce იყიდა. მამა ჩემთვის შთაგონების დიდი წყარო იყო.
ძალიან მორცხვი ვიყავი, მახსოვს, როგორ ეუბნებოდა დედაჩემს თავისი მეგობარი, რომ მე უხასიათო ბავშვი ვიყავი. ამას ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა, კიდევ უფრო მორცხვი გავხდი.
სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, რადგან სხვებს არ ვგავდი - სკოლის შემდეგ ყველა ბავშვი გასართობად მიდიოდა, ეწეოდა, მე კი ცეკვის ან ხელოვნების გაკვეთილზე მივდიოდი. სკოლაში ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ძალიან მჩაგრავდნენ.
საშინელი კანი მქონდა, მაწუხებდა აკნე. ბავშვობის ასაკიდან ჩემი პრობლემა იყო წონა. მაშინ ამდენი ცოდნა არავის ჰქონდა სწორი კვების შესახებ, რამდენიც დღეს. მაშინ მოდური იყო უცხიმო საკვები და მეც ძალიან „მეშინოდა“ ცხიმის. კვებითი აშლილობა მქონდა და ამის გამო თავს უბედურად ვგრძნობდი.
როდესაც მოზარდი ვიყავი, პოლიკისტოზური საკვერცხეების დიაგნოზი დამისვეს, რაც კიდევ ერთი დაბრკოლება იყო, რადგან ეს ჯანმრთელობაზე ახდენდა გავლენას. მითხრეს, რომ შესაძლოა გამიჭირდეს დაორსულება და შვილების გაჩენა. როდესაც მოზარდი ვიყავი, ამ ყველაფრის გააზრება ჩემთვის რთული იყო. მაშინ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე თითქმის არავინ საუბრობდა, მეც ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვიტოვებდი და ეს კიდევ უფრო მორცხვს მხდიდა“.

„დევიდი სასტუმროში იყო, თამაშისთვის ემზადებოდა, როცა MTV-ს უყურებდა. მაშინ მეგობარს უთხრა: „ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება.
ჩემმა მენეჯერმა მირჩია, რომ ჩვენი ურთიერთობა კონფიდენციალური ყოფილიყო, რადგან როგორც კი ვინმე გაიგებდა, ყველაფერი გართულდებოდა. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ავტოსადგომებზე ვხვდებოდით.
დევიდმა იცოდა, რომ კვების საკითხში ძალიან დისციპლინირებული ვიყავი და მოვახერხე საკუთარი თავის შეცვლა, რადგან ძალიან მეშინოდა ვინმესთან საუბრის. ვერავის ვენდობოდი. საქმე ბალანსშია, ჯანმრთელობაშია, ვარჯიშშია და დევიდი ამაში ძალიან დამეხმარა.

მანამდე ყოველთვის კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებდი, ჩემი მიზანი იყო ცხიმის წვა. ეს აკვიატება იყო. სწორედ დევიდმა დამარწმუნა, რომ ძალისმიერი ვარჯიში დამეწყო და ერთად ვვარჯიშობდით. ყოველთვის მხარში მედგა.
დევიდის სიყვარულის ენა საჩუქრებია. ჩემთვის არაა აუცილებელი, საჩუქარი ძვირადღირებული ნივთი იყოს, მაგრამ დევიდი ასე გამოხატავს სიყვარულს".