პოლიტიკაში ქალთა როლი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა, არამხოლოდ მათი გადაწყვეტილებებისა და ლიდერული თვისებების გამო, არამედ იმის გამოც, თუ როგორ წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს სამყაროს წინაშე. სტილი ხშირად იქცეოდა მათი ხასიათის, ძალაუფლებისა და იდენტობის გამომხატველ საშუალებად. მარგარეტ ტეტჩერი, ელიზაბეტ მეორე, ანგელა მერკელი თუ სხვა ქალები საკუთარი იმიჯითაც ქმნიდნენ ეპოქას.
ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი პოლიტიკის ისტორიაში შევიდა, როგორც ქალი, რომელმაც იცოდა ძალაუფლების დემონსტრირება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გარეგნობითაც. ტეტჩერის სტილი მკაცრი, კონტროლირებადი და ბრიტანულ ღირებულებებთან მიახლოებული იყო. იგი ხშირად ატარებდა კლასიკურ კოსტიუმებს პასტელის ტონებში, ხავერდის ან შალის ქსოვილით.
მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო მარგალიტის მძივი და ნაზად დავარცხნილი ვარცხნილობა. ეს გარეგნობა შემთხვევითი არ ყოფილა - ტეტჩერმა იცოდა, რომ ქალს პოლიტიკაში ხშირად უწევს საკუთარ სიძლიერეს “დელიკატურ ფორმაში” წარმოაჩინოს. სწორედ ამიტომ, მისი სტილი სიმტკიცისა და ელეგანტურობის იდეალური ბალანსი იყო.


ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ თავისი სტილით მსოფლიოს არა ერთი ათწლეული დაუვიწყარი გახადა. მისი გარდერობი ყოველთვის იყო სიზუსტის, სიმბოლიზმისა და თავმდაბალი ელეგანტურობის შერწყმა. დედოფალი ცნობილია მონოქრომული კოსტიუმებითა და ქუდებით, რომლებიც ხშირად ნათელი ფერებით გამოირჩეოდა.
ელიზაბეტს სჯეროდა, რომ მონარქი უნდა ყოფილიყო “ხილული” — ამიტომაც ირჩევდა ფერებს, რომლებიც ხალხის ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ არასოდეს აჭარბებდა სამეფო ღირსების საზღვრებს. მისი სტილი იყო სიმშვიდის, დისციპლინისა და ტრადიციის სიმბოლო. ელიზაბეტ მეორე მოდაში არ მიჰყვებოდა ტრენდებს, ის თავად ქმნიდა მათ.
ელიზაბეტ მეორეს ძალიან უყვარდა ლამაზი დიადემები. ის მუდმივად ატარებდა მას და მისთვისაც ხშირად ქმნიდნენ. მოგეხსენებათ დედოფლებისთვის დიადემას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.


გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი წლების განმავლობაში გახდა პოლიტიკურ სტაბილურობასთან და გამჭვირვალობასთან ასოცირებული ფიგურა.
მისი სტილი, პირველ რიგში, სანდოობის გამოხატულებაა. მერკელი ცნობილია თავისი კლასიკური პიჯაკებით, რომლებიც თითქმის ერთსა და იმავე მოდელზეა შეკერილი - განსხვავება მხოლოდ ფერებშია. ეს გადაწყვეტილებაა სპეციალურად მიიღო, რადგან მერკელმა თავიდანვე თქვა, რომ არ სურდა ყურადღება მოდას გადაეტანა, რადგან მისი მიზანი იყო საქმეებზე საუბარი. თუმცა დროთა განმავლობაში სწორედ ეს სიმარტივე იქცა მისი ხელწერად.
ანგელა მერკელი გახდა ქალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალა შეიძლება დაფარული იყოს უბრალოებაში. მისი სტილი აღარ იყო მხოლოდ ტანსაცმელი, ის პოლიტიკური გზავნილი გახდა: პროფესიონალიზმი, სტაბილურობა და თავმდაბლობა.


ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, მოდის სამყაროდან პოლიტიკაში მოვიდა. ის უკვე მეორე ვადით გახდა ამერიკის პირველი ლედი.
მელანიას სტილი არის ელეგანტური, დინამიკური და მკაფიოდ მოდური. იგი ხშირად ატარებს მაღალი დიზაინერების სამოსს — Dior, Givenchy, Ralph Lauren, Dolce & Gabbana — და ყურადღებით არჩევს ფერებსა და ფორმებს კონკრეტული შემთხვევისთვის.
თეთრი კოსტიუმები, მკვეთრი ტონალობები, პალტოები მკვეთრი მხრებით,მელანიას ვიზუალური იმიჯი ხაზს უსვამდა მის დამოუკიდებლობასა და თავდაჯერებულობას. მიუხედავად კრიტიკისა, რომელიც ხშირად მოჰყვებოდა მის არჩევანს, ტრამპი ყოველთვის ინარჩუნებდა მოდური ქალის იმიჯს, რომელიც პოლიტიკური გარემოს მიღმაც ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას.


შეიხა მოზა აღმოსავლეთ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, ყატარის ემირის შეიხ ჰამადა ბენ კალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან რიგით მეორე ცოლია. მას შვიდი შვილი ჰყავს და ერთ-ერთი ელეგანტური პირველი ლედია.
მისი სტილი აერთიანებს აღმოსავლურ ტრადიციას და დასავლურ ელეგანტურობას ისე დახვეწილად, რომ ის უკვე წლებია მსოფლიო მოდის გამოცემების მუდმივ შთაგონების წყაროდ იქცა.
ის ყოველთვის ატარებს თავზე თავსაბურავს, მაგრამ მის სტილში ის არ არის მხოლოდ რელიგიური ატრიბუტი - ის მოდური დეტალია, რომელიც სრულყოფილად ერწყმის სამოსის ფერებსა და ფორმებს. მის გარდერობში ხშირად გვხვდება გრძელი, დახვეწილი სილუეტები, პასტელისა და ღრმა ტონალობების კომბინაციით.


მაკა ჩიჩუა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური პირველი ლედია. მისი ჩაცმულობა ოფიციალურ შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე ყოველთვის იყო სადა, თუმცა მომხიბვლელი. მაკა ჩიჩუას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული ინტერესი ცნობილი და ძვირადღირებული ბრენდების მიმართ არ აქვს, თუმცა სტილის შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებდა.
მაკა კლასიკურ სტილს ანიჭებდა უპირატესობას და ყველა შეხვედრაზე ელეგანტურობის სიმბოლოდ იქცეოდა. მაკა ჩიჩუამ თვით მელანია ტრამპიც კი მოხიბლა. პრეზიდენტის ფოტოგრაფის განცხადებით, მაკა ჩიჩუასთან შეხვედრისას, მელანია ტრამპი ჩვენი ქვეყნის პირველ ლედის განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა.
"ჩემი ბუნებრივი ჩაცმულობა ყოველთვის იყო სპორტულისკენ მიმართული, ვიდრე ელეგანტური. ცოტა აკადემიური, ოფიციალური, ისეთი კლასიკური, როგორიც შეეფერება ქვეყნის პირველი პირის მეორე ნახევარს. ამავე დროს უნდა იყო ინდივიდუალური, არ მოექცე ჩარჩოებში, როდესაც
პირველი ლედის ამპლუაში პირველი სამოსის შერჩევა დამჭირდა, არ მიწვალია, მაგრამ ვიფიქრე. არადა, არ ვანიჭებ ამას დიდ ყურადღებას. ჩაცმის მიმართ ჩემი განწყობა ყოველთვის მსუბუქი იყო", - ამბობდა მაკა ჩიჩუა.
