„ლაშა ჩემი ბევრი წლის მეგობარი იყო, ყოველთვის გვერდით მედგა, ძალიან ჩამწყდა გული.
სალომეს მე დავუწერე ეს ტექსტი და სიმღერა, რომელიც ლაშას მიუძღვნა“, - წერს სოციალურ ქსელში კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი და ბიზნესმენი ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება.
27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი აქამდე არ დასახელებულა, ოჯახის ახლობლები წერენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა.
ცნობილია, რომ რამდენიმე დღით ადრე ლაშა ბასლანძე უფროს შვილთან, ელენე ბასლანძესთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. მან სოციალურ ქსელში მოგზაურობის არაერთი კადრი გააზიარა. სამშობლოში 27 ოქტომბერს, დილით დაბრუნდა, რამდენიმე საათში კი მოულოდნელად გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძის შესახებ წერილი არაერთმა ცნობილმა სახემ გამოაქვეყნა. ბასლანძე მუსიკალური პროდიუსერი და სამი კომპანიის, რესტორანი "ქვევრის“, „ქვევრი ბათუმისა“ და „ბრენდბუქის“ ხელმძღვანელი იყო.
ლაშა ბასლანძე დაიბადა სოხუმში, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გაატარა. ის 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჰყავს მშობლები და ძმა. ლაშა ბასლანძეს დარჩა მეუღლე, მომღერალი სალომე ბაკურაძე და ორი შვილი - 9 წლის სანტი ბასლანძე და 20 წლის ელენე ბასლანძე. ელენე მას პირველ ქორწინებაში შეეძინა.

სალომე ბაკურაძემ და ლაშა ბასლანძემ 2015 წელს იქორწინეს. მათი სიყვარულის ამბავი ქობულეთში დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილს ერთი შვილი, სანტი შეეძინა.
„უკვე, მეათე წელია, რაც მე და ლაშა ცოლ-ქმარი ვართ. სულ მახსოვს მასთან პირველი შეხვედრა და არასოდეს დამავიწყდება. ცხოვრება ხომ საინტერესო მომენტებისგან და ემოციებისგან შედგება, ჰოდა, მე ვცდილობ, ის მომენტი ხშირად გავიხსენო, დავიჭირო და სულ მახსოვდეს. ეს ის შეხვედრა იყო, როცა მივხვდი, ვისაც ვეძებდი, მას შევხვდი.
არც ლაშას უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია და არც მე. ძალიან სწრაფად დავმეგობრდით და გავხდით ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები. თავიდანვე მზრუნველობით, სილაღით, იუმორითა და თავისუფლებით გამოირჩეოდა. მასში ბევრი დადებითი ემოცია და კომფორტი დავიჭირე. მივხვდი, მისი სახით, განსხვავებულად კარგი ადამიანი ვიპოვე. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და ულამაზესი დღეები გვაქვს გატარებული მეგობრობისა და მერე, შეყვარებულობის პერიოდში, აღარაფერი რომ არ ვთქვა დაქორწინების შემდეგ წლებზე.

რა თქმა უნდა, ქმართან დათმობაზეც ხშირად წავსულვარ და ამის აღიარების არ მრცხვენია. ლაშაც წასულა დათმობაზე. თუ რომელიმემ არ დათმო, წყვილს შორის რქებით შეჯახებას კარგი არაფერი მოაქვს.
ამა თუ იმ თემაზე მე და ლაშას განსხვავებული შეხედულება გვაქვს, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა ჩვენ შორის კამათის მიზეზი. ჩვენ ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. რასაკვირველია, ყველა ოჯახში დგება კრიზისული მომენტი, ჩვენც გავიარეთ ეს, მაგრამ ეს ყველა წყვილს შორისაა. თუ ადამიანი გიყვარს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია სურვილი ორივეს მხრიდან”, - ამბობდა სალომე ბაკურაძე 2024 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.