საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ "კვირის პალიტრას" ესაუბრა. მაკა ჩიჩუამ პოლიტიკოსებისა და მათი ცხოვრების სტილის შესახებ ისაუბრა:
- ქალბატონო მაკა, ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ თვით ქვეყნის ორგზის პრემიერზე აღიძრა საქმე, მილიონობით უკანონო შემოსავალთან დაკავშირებით. ხომ არ ყოფილა კითხვის ნიშნები თქვენს ოჯახთან მიმართებაშიც?
- ჯერ არ მახსენდება, ვინმეს კითხვები ჰქონოდა, მაგრამ ახლა თუ ექნებათ, ჯობია, მოვიდნენ და შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ. კითხვის ნიშნებს იქვე, სასწრაფოდ დაამთავრებენ. ყველას ემჩნევა გარეგნულადაც, ვინ როგორ ცხოვრობს. დუშეთში ეზოს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან, მე და გიორგი დავდევთ.
- ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი და პირველი ლედი...
- ნუ, როგორც არის... რომ ვუყურებ, ევროპაში როგორც არის, პატარა, დაბალი ღობეები აქვთ, უბრალოდ ის ტერიტორიაა შემოსაზღვრული, იცოდნენ, ერთმანეთთან რა ზოლიც აცილებთ, ასე ვართ ჩვენც იმ დღიდან, რაც კი დუშეთში გადმოვედით. ღამე კარს არც კი ვკეტავ, აზრი არ აქვს, ერთი ფეხის მორტყმა უნდა და ვისაც შემოსვლა სურს, თავისუფლად შემოვა.
სულ მქონდა კითხვა: ეს ხალხი საჯარო სამსახურში რომ მიდის და მერე მილიონებს ითვლიან, ჩვენთან ასე რატომ არ მოხდა-მეთქი?..საერთოდ, ცხოვრებაში არ მქონია იმის მოთხოვნილება, ძალიან ბევრი ფული მქონოდა, რადგან ვთვლი, რომ ფული მამონასი, ეშმაკისეულია. მსურდა მხოლოდ იმდენი, რაც ელემენტარულისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის არის საჭირო - ბავშვები დაპურებული გყავდეს, განათლება მისცე, სახლი მოწესრიგებული, ხანდახან ცოტა მოაგროვო, სამოგზაუროდ და დასასვენებლად წახვიდე... რამდენიმე თვეა, დამხმარეც აღარ გვყავს, ამხელა სახლში ორ ბავშვთან ერთად ყველა საქმეს თავად ვაკეთებთ, თან ვირუსი შეგვხვდა და ყველანი ავად ვიყავით. ვერც ტელევიზორს ვადევნებ აქტიურად თვალს, ვერც სოციალურ მედიას, მაგრამ რა უნდა მითხრან ახალი?! ყველაფერი ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს. წლების განმავლობაში რომ უზარმაზარ გალავნებს იშენებენ, არიან შიშებში და ეჭვიანობაში, ათას უბედურებებში...

მშვენიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, ნიჭიერი... - ეს იმ ეპითეტებიც მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მაკა ჩიჩუას შესახებ ხშირად მოისმენთ. მართლაც, განსაკუთრებულად მშვიდი აურისა და დადებითი განწყობის დამსახურებით, მაკა ჩიჩუა დღემდე ბევრისთვის საყვარელი "პირველი ლედია".
მაკა ჩიჩუა საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა. მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი ისინი კიდევ ერთი ბიჭის, თომას მშობლები გახდნენ.
მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. დიმა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ელექტრონულ მუსიკას ქმნიდა.
მაშოს მეუღლე მინდია გოგოჭური იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ის რამდენჯერმე დააკავეს და მაშო მის მოსანახულებლად ციხეშიც ხშირად დადიოდა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მაშო და მინდია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შეძენია.
