ცოტა ხნის წინ WDSF Stage DanceSport-მა ქეთი ხატიაშვილის უფროსი ქალიშვილის, ანასტასიას ვიდეო გამოაქვეყნა. ანასტასია, დედის მსგავსად, ტანმოვარჯიშეა და ასევე სამეჯლისო ცეკვასაც მიჰყვება. ქეთიმ ვიდეოს კომენტარებში დაწერა: "ეს ჩემი ქალიშვილია და მე ძალიან ვამაყობ მისით".
ქეთიმ OK magazine-თან ინტერვიუში უფროს ქალიშვილზე და მის ინტერესებზეც ისაუბრა.
"ჩემი და ანასტასიას ინტერესები ძალიან ხშირად ემთხვევა. ემთხვევა ჩვენი გემოვნებაც. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ თავს არ მოვახვიო ჩემი აზრი, ანასტასია ყოველთვის ითვალისწინებს ჩემს რჩევას. როდესაც ფილმს ერთად ვუყურებთ და ვმსჯელობთ ამა თუ იმ პერსონაჟის ქმედებებზე, იმაზე, თუ ჩვენ მის ადგილას როგორ მოვიქცეოდით, ხშირად ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ" - ამბობს ქეთი.

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს. წყვილის საერთო პირველი შვილი ილიაა, რომელიც 2024 წელს შეეძინათ.
წყვილის წინა ქორწინებებიდან ვაჟი და გოგონა ჰყავთ.
ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.