ანა კორძაია-სამადაშვილი თანამედროვეობის დიდი მწერალია. მისი ინტერვიუები ერთმანეთისგან განსხვავებულია და ყოველთვის საინტერესოდ მოსასმენია. ანამ გადაცემა "ერთ ისტორიაში" გაიხსენა ერთი ამბავი, რომელიც წლების წინ გადახდა თავს:
"ჩემი საყვარელი წიგნის ერთი თავი იწყება სიტყვებით - "ყოველი ნორმალური ბიჭის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც მას უნდება განძის პოვნა". ყოველი ნორმალური ქალის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც მას უნდება მკითხავთან წასვლა. თუ რომელიმეს არ მონდომებია, შეუძლია პირველმა მესროლოს ქვა.
ერთ დღეს, როდესაც მე აღმოვჩნდი მკითხავთან, მაშინ მე წასვლა არ მინდოდა. ეს იყო დრო, როდესაც თავს ვგრძნობდი საუკეთესოდ. საერთოდ არ მაღელვებდა რას მეტყოდნენ ჩემი დღევანდელი ყოფისა და მომავლის შესახებ, ყველაფერი მეგონა ვარდ-ყვავილით მოფენილი. მყავს ძალიან ჯიუტი მეგობარი, რომელმაც თქვა მე უკვე გადავიხადეო და მომიწია მკითხავთან წასვლა. მკითხავი ქალი იყო საინტერესო მოვლენა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიყვებოდა ჩემს ბიოგრაფიულ ნარკვევს, რომელიც მე უკეთესად ვიცი, ვიდრე მან, ამიტომ რაღაც მომენტში ვუთხარი, შესანიშნავია, გამეორება ცოდნის დედაა, მაგრამ საქმეს მიხედე ქალბატონო. ამ დროს ქალბატონმა მითხრა ასეთი რამ, იქნება წვიმა, რომლის შემდეგაც გამოიდარებს და ამ დროს მე გავიცნობ კაცს, რომელიც იქნება ჩემზე ოდნავ უმცროსი, სრულიად სხვა სისხლისა და აბსოლუტურად უცხო კაცი. როდესაც ამ კაცს გავიცნობ გავყვები ცოლად და მე თვითონ გამიკვირდება, საერთოდ ყველას გაუკვირდება, რომ მე და ეს კაცი დავოჯახდებით. ასე დავიშალეთ მე და მკითხავი.
ამ ამბავს მოყვა ის, რომ იყო საშინლად წვიმიანი მაისი და ამ წვიმიანი მაისის მიწურულს ახლობელმა მითხრა, რომ უნდა გამაცნოს ერთი უაღრესად საინტერესო ადამიანი, რომელიც არის მწერალი და მე მის გასაცნობად სიხარულით გავეშრე, ვინაიდან ძალიან წვიმდა და მაინც მინდოდა, რომ უცნობი მწერალი დანარცხებულიყო ჩემი სილამაზისგან გამოვიპრანჭე, რაც ძალა და ღონე მქონდა, ოღონდ წვიმის შესაბამისად. დანიშნულების ადგილს, რომ მივუახლოვდი ისეთმა მზემ გამოანათა, რომ ვერ გადმოვცემ. ის მზე იყო მიმართული, რომ მე მოვეკალი. მე ვერ ვიხდიდი იმას რაც მეცვა. მცხელოდა და ვიყავი გაუბედურებული. შევხვდი კაცს, რომელიც ჩემზე უმცროსია რამდენიმე წლით, რომელიც იმდენად უცხო სისხლისაა, რომ წვეთი არა მაქვს იმ სისხლებისა, რომელიც მის ძარღვებში ჩქეფს. არაფერი ჩემი დასაწუნი ცხოვრებაში არ ჭირს, უბრალოდ მე ასეთი კაცები არ მომწონს. უცნაური არსება იყო, ვერცხლისფერ პერანგზე რაღაც მარგალიტის ღილები ჰქონდა. ხელი გამომიწოდა ყველაფერი კარგადაა. შემდეგ წავედით კაფე არ დაიდარდოში. აღმოვაჩინე რომ უაღრესად საინტერესო მოსაუბრეა. უბრალოდ რატომღაც გამახსენდა მკითხავის სიტყვები და ვიფიქრე, ამას თუ ცოლად გავყევი კი არ გამიკვირდება, გამოვშტერდები. მე ვიცი ზოგი მზერა რას ნიშნავს, ვიღაცას თუ მოსწონხარ სხვანაირად გიყურებს, თუ აინტერესებს სხვანაირად გიყურებს, თუ მაგრად ეზიზღები მაშინ სხვანაირად გიყურებს. მე ვერ მივხვდი რას ნიშნავს მისი გამოხედვა, დაკვირვებით, რომ მიყურებდა ამას მივხვდი. ისე მოხდა, რომ ეს კაცი დაახლოებით ერთი კვირა იყო საქართველოში და ამ დროის განმავლობაში რამდენადაც შეიძლება გულით შემიყვარდა. არაჩვეულებრივი ადამიანია და მართლა უთავბოლოდ ნიჭიერი კაცი. ის ჰყვებოდა მაგარ ისტორიებს, ჩვენ ბევრ ვიცინოდით და დავიშალეთ.
წლები გავიდა, ერთხელაც ცენტრალურ მანჰეტენზე მე და ეს კაცი ერთმანეთს შევხვდით და ვსვამდით ყავას. ის მიყვებოდა ისტორიებს, როგორ დაადგა ყოფილი ორსული სატრფო სხვა კაცისგან და უთხრა, ვინაიდან შენ მიდიხარ ტურში, სანამ ბავშვს გავაჩენ შენთან ვიცხოვრებ, უბრალოდ ტური ჩაიშალა და მოუწია ცხოვრება ყოფილ სატრფოსთან, რომელიც სხვა კაცისგან იყო ორსულად. ამის შემდეგ ერთი ისტორია მომიყვა. მან მითხრა, ხომ იცი მე ცრუმორწმუნე ხალხის შვილი ვარ, სანამ საქართველოში წამოვიდოდიო ვიყავიო მკითხავთან. მკითხავმა მითხრაო საქართველოში, რომ ჩახვალ დიდი წვიმის შემდეგ შენ გაიცნობო ქალს, რომელიც შენზე უფროსი იქნებაო და ეს ქალი ზუსტად ისეთი არისო, როგორებიც შენ რადიკალურად არ მოგწონსო, როდესაც ცოლად მოიყვანო ისე გაგიკვირდებაო ვერ წარმოიდგენო, და როცა გაგიცანიო კინაღამ გულმა დამარტყაო, ვიფიქრეო თუ ეს ქალი ცოლად მოვიყვანე დედამიწა ბრტყელიაო და ისე გამიხარდა, რომ მკითხავი შეცდაო შენ ვერც კი წარმოიდგენო. სხვა დროს ვიქნებოდი შეურაცხყოფილი და ვეტყოდი რა მჭირს შენი დასაწუნი შენ ჯღანო, მაგრამ აქ გავჩუმდი და გავუბედურდი. მე მას ვერასდროს ვუთხარი, რომ იგივე მითხრა მკითხავმა, იმიტომ რომ მეტისმეტად მდარე ხარისხის ლიტერატურაა. მას რომ ცოლად არ გავყოლივარ ფაქტია, უბრალოდ ხანდახან დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, როცა ვხვდები ყოველ ჯერზე მეცინება და მასაც ეცინება. მას ჰგონია, რომ მეცინება მისი ამბის გამო. მე მეცინება იმ ამბის გამო, რომელიც მე უკეთ ვიცი ვიდრე მან. უბრალოდ თუკი 80 წლის ასაკში მართლა გავყვები ცოლად ძალიან ბევრს ვიცინებ, არამარტო მე არამედ ისიც," - იხსენებს ანა კორძაია-სამადაშვილი გადაცემა "ერთ ისტორიაში".

ანა ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსული ფილოლოგიის სპეციალობით, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002 წ, მისი მოთხრობების კრებულით "ბერიკაობა", სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით.
ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მისი ტექსტები თარგმნილია შვიდ ენაზე. 2017 წელს ანას კრებულის, „მე, მარგარიტას" ინგლისურენოვანი თარგმანი ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წიგნების სიაში შეიტანა სელმა ლაგერლოფის, ანა ახმატოვას, ჰანა არენდტის, მარგარეტ ეტვუდის, ემილი დიკინსონის და მრავალი სხვა კლასიკოსი ქალი ავტორის წიგნებთან ერთად.
მოთხრობები პირველად „24 საათის ლიტერატურულ დამატებასა“ და „არილში“ გამოჩნდა 2002-2003 წლებში. პირველი კრებული, „ბერიკაობა“ 2003 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. მას შემდეგ გამოვიდა: „მე, მარგარიტა“ (2005), “შუშანიკის შვილები” (2011), “ვინ მოკლა ჩაიკა” (2013), “ზინკა ადამიანი” (2019) (ყველა – სულაკაურის გამომცემლობა), “მარიეტას გზა”, გამომცემლობა “პალიტრა” (2013), „ლიუს ოჯახის კოლექცია“, ინდიგო (2020). თარგმნილი აქვს ჰერმან ჰესეს, ერიხ მარია რემარკის, ბერტოლტ ბრეხტის, ინგებორგ ბახმანის, ელფრიდე იელინეკის, რუდიგერ საფრანსკის, სეეს ნოოტებუმის, ნინო ხარატიშვილის წიგნები.