"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პატარა გიოს გადავყვეთ ისე, როგორც დიდი გიო გადაჰყვებოდა და ყოველთვის ვასწავლი, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავს" - უსაყვარლესი პატარა გიო ხუციშვილი - Marao

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პატარა გიოს გადავყვეთ ისე, როგორც დიდი გიო გადაჰყვებოდა და ყოველთვის ვასწავლი, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავს" - უსაყვარლესი პატარა გიო ხუციშვილი

2025-11-03 15:14:28+04:00

ხუციშვილების მუსიკალური ოჯახი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. გიო ხუციშვილმა შექმნა მუსიკალური ეპოქა, რომელიც დავიწყებას არასდროს მიეცემა. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესია მისი ოჯახის მიმართ - ზუკა მამის მსგავსად მუსიკოსია, ამასთან, გიოს გარდაცვალების შემდეგ ოჯახში დაიბადა პატარა გიო ხუციშვილი. ოჯახი ხშირად აქვეყნებს პატარას ფოტოებს. 

ცოტა ხნის წინ "რადიო ფორტუნა" ხუციშვილების ოჯახს ესტუმრა და პატარა გიო ხუციშვილი საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნო .

ზუკა ხუციშვილი: "ყველაფერი შეიცვალა, მთელი მსოფლიო არის ეს პატარა კაცი. ჭკუა მაქვს ამოტრიალებული, ოღონდ ამასთან მოვიდე მალე. სახელის შერჩევაზე არც გვისაუბრია, სქესი რომ გავიგეთ, ეგრევე პატარა გიო გახდა.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სინანული და სევდა, რომ დიდმა გიომ ვერ ნახა. მჯერა, რომ დიდი გიო ყოველთვის გვივლის, გვხედავს და ძალიან ბედნიერია, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პატარა გიოს გადავყვეთ ისე, როგორც დიდი გიო გადაჰყვებოდა და ყოველთვის ვასწავლი, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავდა და ჰყავს. 

დიდი მადლობელი ვარ უფლის, ჩემი ოჯახის, იმ ხალხის, ვინც ყოველთვის გვერდში მედგა, ბედნიერი ვარ ამ ცხოვრებით და ახლა უბედნიერესი ვარ, რომ ეს პატარა ბიჭი დაიბადა. ცხოვრებაში სამწუხარო ამბები ხდება, ის ხალხი, ვინც ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ, სამწუხაროდ, აღარ არიან გიოს თამადობით, მაგრამ ყოველთვის ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, მითუმეტეს, ამ პატარა კაცისთვის". 

მაია ჯორჯაძე: "ძალიან მწყდება გული, რომ ბაბუმ ვერ ნახა, სულ ჰქონდა ოცნებად, რომ ზუკას შვილს მოსწრებოდა. ჩვენს სამეგობროს, ძირითადად, შვილიშვილები პატარა გიოს ტოლები ჰყავთ და თან გოგოები. ერთხელ ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ამ თაობასაც ჰყავსო პატარა გიო ხუციშვილი".

ზუკა იყო წყნარი ბავშვი, ეს კიდევ ერთი წუთი არ ჩერდება, ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერი უნდა რომ იცოდეს. ჩემთან სტუმრად რომ მოდის, იმ წამსვე მიდის როიალთან და ერთად ვმღერით".

  • პატარა გიო ხუციშვილი 1 წლის გახდა - რა ვიდეოს აქვეყნებს მაია ჯორჯაძე 

ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილმა თავი საზოგადოებას ძალიან პატარა ასაკში გააცნო და შეაყვარა... მას შემდეგ ქართველი მსმენელი ხშირად ინტერესდებოდა მისი საესტრადო თუ პირადი ცხოვრების დეტალებით. მომღერლის რჩეული მისივე კლასელი ქეთუშა მანიაშვილი გახლავთ.

ზუკამ ქეთუშა მამის ნებართვის გარეშე დანიშნა, თუმცა გიოს ეს არ სწყენია. ხელი ფუნიკულიორზე სთხოვა, ქორწილი კი მცხეთაში ვარსკვლავების საყვარელ ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.

„6 წელს ითვლის ჩვენი ოჯახური ცხოვრება და არაჩვეულებრივად ვართ. გამიმართლა ოჯახის შექმნაში, რადგან ძალიან დიდი სიყვარულია. ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ. რაც შეეხება ჩემს ცოლს, ის ჩემთვის იდეალურია…“ - ამბობდა ზუკა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • ზუკა ხუციშვილის ინტერვიუ: "ამ ყველაფერს ახლავს პატარა სევდა, ბაბუას ვერ გაიცნობს და ვერ ჩაეხუტება, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი და მოვუყვები...' 

გიო ხუციშვილი

გიორგი (გიო) ხუციშვილი 1962 წლის 17 ივლისს თბილისში დაიბადა. იყო ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).

მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები: „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ...“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი.

2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.