სილამაზით გამორჩეული ნანა ტომარაძე ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ქვეშ... იგი პირველად 13 წლის ასაკში გათხოვდა, 20 წლით უფროს მამაკაცზე, დღეს ხშირად ამხელს მის ყოფილ მეუღლეს პედოფილიაში... შემდეგ კიდევ რამდენიმე ქორწინება იყო, მათ შორის ჰყავდა უკრაინელი მეუღლეც... ბრიტანული გამოცემა - "The Time" ვრცელ სტატიას უძღვნიდა იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სტატიაში საუბარი ქართველ მებრძოლ ქალებზეც - ნანა ტომარაძესა და დარეჯან მაისურაძეზეც იყო...
ნანა ტომარაძემ ქვეყანა დატოვა, შვილთან ერთად, ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, მანამდე კი მარტოხელა დედობის ურთულესს პერიოდზე გვიამბო...

- ნანა, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე დარჩით მარტო...
- დიახ, ჩემი შვილის მამა მუსლიმანია. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ ბავშვი რომ გაიზრდება, თავად აირჩევს რელიგიას... კლუბში მოცეკვავედ ვმუშაობდი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდებოდი. იმ დროს უკვე მე და ბავშვის მამა ერთად აღარ ვიყავით. კლუბში მუშაობა რომ დავიწყე, ბავშვობის მეგობრებიც დაკარგული მყავდა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შედეგად და სანაცნობო წრე, ძირითადად, კლუბებიდან მყავდა. მისმა მეპატრონემ აბორტის ფული მომცა - ჯერ შვილისთვის ძალიან ახალგაზრდა ხარო. მეც უკვე სამსახურზე, მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე ვფიქრობდი. ამ საზოგადოებამ ტვინი ამირია. იმის მაგივრად, რომ ერჩიათ, ბავშვი გააჩინეო, პირიქით, თავისკენ მექაჩებოდნენ. ამ გადმოსახედიდან არავის ვურჩევ, ღამის ცხოვრებას მიენდოს. მანდ მაინც ეშმაკისეულია ყველაფერი, მხოლოდ გართობაა, არაფერი სერიოზული. დიდი ხანია, ამას მივხვდი.
- სად და როგორ პირობებში გიწევდათ ცხოვრება?
- ორსულობის პერიოდში მეგობრებთან ვცხოვრობდი, რაც ურთულესი იყო. მათ ვეხმარებოდი, სადილებს ვამზადებდი, ვალაგებდი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შემეძლო და დედასთან წასვლა გადავწყვიტე. დედა უკვე ძალიან ცუდად დამხვდა. ფიზიკურად, მორალურად ძალიან იყო შერყეული. ღრმა დეპრესია ჰქონდა, რადგან ყველა ერთდროულად ამოუწყდა: მშობლები, და-ძმები... თან არა სიბერით, არამედ - ისე მიჰყვნენ ერთმანეთს. როგორც ვიცი, დაწყევლილი ოჯახი იყო უკრაინაში... დედა ძალიან დიდ სტრესში იყო, რადგან საქართველოში სახლის დაკარგვა, გამოსახლებები გადაიტანა, უკრაინაში კი - ოჯახის წევრების დაკარგვა. მაინც ვამჯობინე ცხოვრება დედასთან ერთად გამეგრძელებინა და მასთან გადავედი იმ გამყინვარებაში. დედა ცუდად იყო, მამაჩემი მატერიალურად ვეღარაფერს სწვდებოდა. ბიზნესმენი არასოდეს ყოფილა, ჩვეულებრივი ხელოვანი ადამიანია, ოჯახი წვალებით გაჰქონდა. მეც ძალიან ბევრი სანერვიულო მქონდა, რადგან ბავშვის მამას აღარ უნდოდა ჩემთან კონტაქტი.
- დედასთან რამდენ ხანს დარჩით?
- ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ... 2013 წელს მამაჩემი იყო ჩვენთან სტუმრად მოსული და მეორე ოთახში მამას ყვირილი გავიგონე, ნანა დროზე შემოდიო... მაშინვე მივხვდი, რომ დედაჩემი კვდებოდა. რვა თვის ორსული დედას ჩავეკარი, უკვე ხროტინებდა, ჩემს ხელში დალია სული... მაშინ მხოლოდ 22 წლის ვიყავი. იმ დღეს თითქოს ერთბაშად გავიზარდე. მივხვდი, რომ ეს ცხოვრება, თურმე, ასე ადვილიც არ ყოფილა. დრო მოვიდა გაძლიერების, რაღაცის შეცვლის.

დღემდე ძალიან მაწუხებს, დედას გვერდით დგომა სათანადოდ რომ ვერ შევძელი და მეგობრებს გადავყევი... ოჯახის ახლობელმა დედაჩემისთვის ორადგილიანი საფლავი იყიდა, ქელეხიც მან გადაუხადა... დედას გარდაცვალების შემდეგ ვარკეთილში გადავედი საცხოვრებლად, მამასთან. მშობიარობამდე, ყოფილი ქმარი შორიდან გვეხმარებოდა, ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში, ამას ვერასოდეს დავუკარგავ. რაც შეეძლო, ყურადღებას იჩენდა, ასე ვთქვათ, შვილს მუცელში უვლიდა... თვითონაც სახლი არ ჰქონდა, სტამბოლში ბარმენობით ირჩენდა თავს. მართალია, ჩვენ დაშორებულები ვიყავით, მაგრამ დავურეკე და გავაგებინე, დედა გარდამეცვალა-მეთქი... სულ ვოცნებობდი, ოჯახი ბედნიერად ცხოვრებას როგორ გავაგრძელებდით, მაგრამ ბავშვის მამამ ვერ შეძლო ეპატიებინა, კლუბში რომ დავბრუნდი, თუნდაც -ცოტა ხნით. მე მისი დღეს კარგად მესმის, მაგრამ კლუბში მართლა არაფერი დამიშავებია, იქ ცეკვის მეტს არაფერს ვაკეთებდი. მეც მალევე მივხვდი, წამოსვლა რომ ჯობდა და წამოვედი კიდეც.