ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის სიყვარულის ამბავი მუსიკით დაიწყო, მუსიკამ დაამეგობრა, შემდეგ კი... ჯერ იყო მოკითხვები, შეხვედრები, ერთად გატარებული საღამოები, შინ მიცილებები და სიტყვა "მიყვარხარ!" სიყვარულს ერთმანეთს დღესაც ხშირად უხსნიან და ასე ერთმანეთის გულებს ათბობენ. 
ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახმა ფართო საზოგადოების სიყვარული პროექტის "მიმღერე" შემდეგ დაიმსახურა და ამ პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. 

ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახი 
„მე და გელა მუსიკამ დაგვაკავშირა, ერთმანეთს კონცერტზე შევხვდით, თუმცა ამ შეხვედრამდე ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. საერთო სამეგობრო აქტიურად არ გვაკავშირებდა, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ხშირადაც არ ვხვდებოდით. შემდეგ ერთ პროექტზე ვიმუშავეთ, ერთმანეთსაც მეტად დავუახლოვდით.
საღამოს ვახშმად ერთ-ერთ რესტორანში დამპატიჟა. შინ რომ მაცილებდა, ჭავჭავაძის გამზირზე, ჩემს სახლთან მანქანის გაჩერება რთული იყო. გადმოვედი და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სიგნალით მანიშნა, მობრუნდიო. ვიფიქრე, რაღაც დამრჩა-მეთქი, მივედი და, - ჩქარა, ჩქარა, დაჯექი, აქ ვერ ვაჩერებო და, - გამიტაცა. იმ საღამოს მითხრა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, უნდა გამოგიტყდე, ძალიან შემიყვარდიო.

გარდა იმისა, რომ ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, გამორჩეულად კარგი მომღერალია, ადამიანური თვისებებით ძალიან მომხიბლა. არის საოცრად თბილი, ყურადღებიანი. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, ჩემთვის საიმედო საყრდენია. ის ყურადღებასა და სითბოს არა მხოლოდ ჩემ მიმართ, ახლობლების, მეგობრების, ხშირად სრულიად უცხო ადამიანების მიმართაც კი გამოხატავს”, - ამბობდა ანუკი ცქვიტინიძე. 
ამჯერად გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ოჯახური ცხოვრების გარდა, ანუკის ცხოვრებაში მომხდარი დიდი სიახლის შესახებაც ისაუბრეს. როგორც მან აღნიშნა, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, რომლის შედეგადაც 31 კილოგრამი დაიკლო. 
„ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მიმართა ქირურგიულ ჩარევას. ამაზე საუბარი ხშირად გვიწევდა. ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე. გელა ცოტას ღელავდა, საუბარია კუჭის რეზექციაზე. თავს მშვენივრად, ბედნიერად ვგრძნობ, 31 კილო დავიკელი. წონის დაკლებას კიდევ ვაპირებ. ეს გელასაც ძალიან მოსწონს“, – აღნიშნა ანუკი ცქვიტინიძემ.
