"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი..." - იუბილარი ნანუკა გულუა სამადლობელ წერილს აქვეყნებს - Marao

"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი..." - იუბილარი ნანუკა გულუა სამადლობელ წერილს აქვეყნებს

2025-11-05 10:20:52+04:00

საზოგადოებამ ნანუკა გულუა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მან სახასიათო პერსონაჟის, დოჩის როლი მოირგო და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა, მას შემდეგ ნანუკა დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს და გულშემატკივრებთან კონტაქტს სოციალური ქსელებით ინარჩუნებს. 

ნანუკა ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო. მან საკუთარ სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა:

"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახას მსგავსი ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი ლოცვა ამიხდა… ლოცვას დიდი ძალა აქვს, მეგობრებო, სიკეთისა და სიყვარულის უნარს ძალიან ახლოს მიჰყავხარ ღმერთთან! მადლობა, რომ, ჩემი დაბადების დღის შემდეგ, განსაკუთრებულად ვარ გადავსებული ზღვა სიყვარულით და კეთილი სურვილებით! არ სრულდება მილოცვები, ვერ ვერევი ვერც კითხვას და ვერც პასუხის გაცემას… როგორ დავიმსახურე?! როგორ ?!" - წერს ნანუკა გულუა.

  • "რაც მიოცნებია, რაც სიკეთე გამიკეთებია, რაც მილოცია, ყველაფერი ხარ..." - ნანუკა გულუა უფროსი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს 

ნანუკა გულუას განვლილი გზა, ოჯახი და შვილები 

ნანუკა გულუა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. სერიალი აღწერს ბავშვობის მეგობრების – კატოს, ნინასა და თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისათვის არის საინტერესო. ნანუკა გულუა მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. დასამახსოვრებელი, ხმაურიანი და ქაოსური დოჩი ბევრისთვის საყვარელ და სახალისო პერსონაჟად იქცა - ნანუკა გულუამ კი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. 

მსახიობობა ნანუკას ოცნება არასდროს ყოფილა. ის პროფესიით ჟურნალისტია. 

  • "შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შევიცვალე ვიზუალურად და ეს საერთოდ არ მაღელვებს..." - ნანუკა გულუა, როგორც სამი შვილის დედა 

"მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აღგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამხნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი. მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ“, - ამბობდა ნანუკა გულუა. 

პოპულარული სერიალის შემდეგ იყო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ნანუკა გულუა კიდევ 3 ცნობილ ქალთან ერთად უძღვებოდა. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში არაერთი ცნობილი გადაცემა თუ შოუ იყო და მაშინ არც კი იფიქრებდა, რომ ცხოვრების მთავარი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ იყო - ნანუკა გულუამ ყველასთვის მოულოდნელად იქორწინა კახაბერ კაშიაზე და ახლა ისინი 3 შვილს, ნინას, იკას და კირას ზრდიან.