"მთელი დღეა იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან ვიღებ მესიჯებს: "Rai Uno-ზე გადმოიცა შენზე სიუჟეტი და როგორ გვეამაყებიო!" - მარიამ შარმანაშვილის მიმართვა ემიგრანტებს - Marao

"მთელი დღეა იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან ვიღებ მესიჯებს: "Rai Uno-ზე გადმოიცა შენზე სიუჟეტი და როგორ გვეამაყებიო!" - მარიამ შარმანაშვილის მიმართვა ემიგრანტებს

2025-11-05 11:25:00+04:00

მას შემდეგ, რაც მარიამ შარმანაშვილმა კარლო პონტი უმცროსზე იქორწინა, მის მიმართ ინტერესი არამხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაშიც გაიზარდა. შეიძლება ითქვას, მარიამი საქართველოში ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიცნო - მისი უშუალო და თავმდაბალი ბუნების გამო კი მალევე შეიყვარა. როგორც ჩანს, მარიამით იტალიური მედიაც დაინტერესდა და მის შესახებ სიუჟეტი ერთ-ერთმა პოპულარულმა ტელეარხმა მოამზადა: 

"დღეს მთელი დღეა იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან ვიღებ მესიჯებს: "Rai Uno-ზე გადმოიცა შენზე სიუჟეტი და როგორ გვეამაყებიო!". გული სიხარულით მევსება თქვენს ასეთ მესიჯებზე, თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის. უცხო ქვეყანაში უამრავ დაბრკოლებას მარტო უმკლავდებით, დღე და ღამე შრომობთ და მაინც გაქვთ იმის უნარი, რომ ჩემი წარმატება საკუთარი წარმატებასავით იზეიმოთ.

ეს არის ნამდვილი ადამიანობა, გაჭირვება რომ ვერ გაგაბოროტებს ადამიანს, თორემ ლხინში მარტივია სიკეთის თესვა. ​გისურვებთ, რომ თქვენი ოცნებებიც მალე აგხდენოდეთ! არანაკლებ ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, მიყვარხართ" - წერს მარიამი და სიუჟეტს აქვეყნებს, რომელსაც ჩვენც გიზიარებთ. 

  • "მჯერა რომ დედაჩემმა ძალიან ბევრი ილოცა ჩემთვის" - დედის გარდაცვალება, წინასწარმეტყველება და მარიამ შარმანაშვილის აქამდე უცნობი ამბები 

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი უმცროსი 

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა. 

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.

ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.

  • "ადამიანებს უკვირთ, თუ რატომ არის კარლო სხვა ქვეყანაში და მე აქ..." - მარიამ შარმანაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს 

  • სოფი ლორენი იუბილარია - მარიამ შარმანაშვილის ოჯახური კადრები და მსოფლიო ლეგენდის 91 წლის იუბილე 

26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა. 

წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა. 

ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.

სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:

"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!

გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.

მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერდა კარლო პონტი.