"დაიბადა მამას გოგო - კესანე ტატიშვილი" - წერს სოციალურ ქსელში ნოდიკო ტატიშვილი და პატარასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ნოდიკო ტატიშვილი ცნობილი ქართველი მომღერალია, მან 2009 წელს მოიგო პროექტი „ჯეოსტარი“. 2013 წელს მან და სოფო გელოვანმა წარადგინეს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე მალმეში, შვედეთში. 2015 წლის ევროვიზიაზე, რომელიც ვენაში, ავსტრიაში გაიმართა, იგი და სოფო გელოვანი ხუთკაციანი ქართული ჟიურის წევრები იყვნენ.
"არასდროს მყვარებია ჩემი შვილების ქება, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ნოდიკო ისეთი შვილია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. რეალურადაც ისეთია, როგორადაც იცნობენ – ძალიან პატიოსანი, უბოროტო და ყველას გვერდში მდგომი. ოჯახისთვის საოცარი ადამიანია. ჩვენ დედა-შვილიც ვართ, მეგობრებიც, და-ძმაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მამა-შვილიც კი. იმდენად მზრუნველია, რომ ზოგჯერ მგონია, ჩემი მამაა. ყველაფერი იცის: სად მივდივართ, რა გვაცვია, რა გვახურავს, თავს როგორ ვგრძნობთ და ასე შემდეგ. რამე თუ აგვტკივდა, ხომ საერთოდ... ზოგჯერ რამე რომ გვაწუხებს ვუმალავთ, ძალიან განიცდის ხოლმე. ბავშვობიდან ასეთი ყურადღებიანი იყო. არ გამორჩება, თუ რამე გჭირდება. მხოლოდ მშობლების კი არა დისთვისაც ასეთია და თქვენ წარმოიდგინეთ, მეზობლებისთვისაც კი. პატარაობისას ძალიან ცელქი იყო, მაგრამ თან ძალიან დამჯერი – რომ ვარიგებდი, იგებდა და ითვალისწინებდა", - ასე ახასიათებდა შვილს მაია ურიგაშვილი.
"15 წლის ვიყავი და დიდი უბედურება დაგვატეხეს თავს. მამას ჰქონდა იჯარით აღებული ფართი, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე. აქირავებდა და პატიოსნად ნაშოვნი შემოსავალი ჰქონდა. შევარდნაძის პერიოდი იყო. აიძულებდნენ, ის ტერიტორია დაეტოვებინა. ხელოვნურად დაადეს დიდი ოდენობით ვალები…
მამა ამ პიროვნებას ებრძოდა კომპრომატებით და ამ კომპრომატების გამო გაიტაცეს კიდეც. როდესაც ცვლა დაამთავრა, ტრანსპორტში ჩაჯდა, თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. სთხოვდნენ იმ კომპრომატებს, რითაც უმტკიცებდა შანტაჟს. სამი დღე ჰყავდათ თვალებახვეული. მესამე დღეს სკამზე გადააფარეს ცელოფანი, დასვეს მამა, მიადეს იარაღი და უთხრეს, თუ არ გვეტყვი, სადაა კომპრომატები, აქ დაამთავრებ ცხოვრებასო. მამამ უთხრა, მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ ლაჩარი მამა ჰყავთო.
როცა მამა გაიტაცეს, მე დავურეკე გია ტალახაშვილს, მივედი მასთან, მახსოვს ხელი ვაბრახუნე მაგიდაზე და ვუთხარი, მამა სასწრაფოდ გამოეშვა სახლში. დავპირდი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი. უკეთესი იქნება სადმე თუ არ გადამეყრება. ის კომპრომატები დღემდე შენახული გვაქვს", - იხსენებდა ნოდიკო ტატიშვილი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდს.
დღეს ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში ბედნიერი ეტაპია - ის მამა გახდა. ნოდიკო ტატიშვილი იმ ცნობილ სახეებს მიეკუთვნება, რომლებსაც საჯაროდ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ. მას არასდროს გაუკეთებია კომენტარი მეუღლის ან ქორწინების შესახებ. უცნობია ისიც, ვინ არის მისი მეორე ნახევარი და ბავშვის დედა.