ტელეწამყვანი მაია ასათიანი ვიდეოს აქვეყნებს, სადა კრიტიკოსებს მიმართავს.
"რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია, ჩემი 10-15 წლის წინანდელი ფოტო დავდო, საერთოდ სხვანაირი მზერა რომ მაქვს და საერთოდ სხვანაირად რომ გამოვიყურები, აუცილებლად უნდა შემოვარდეს ქალბატონი ან ქალბატონები, რომლებსაც საკუთარ გვერდზე ქმარ-შვილთან გადაღებული ფოტოები და ხატების ფრესკები აქვთ, უნდა დამიწერონ, რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა.
ქალბატონო, დედამიწის ზურგზე არ მოუგონიათ ჯერ წამალი, რომ 10 წლის სხვაობით ადამიანს ასაკი არ დაეტყოს. ამ 10 წლის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა და თქვენ რომ თქვენი შვილების ფოტოებს დებთ, მე ვდებ ძაღლების ფოტოებს. უფრო უკეთესად როგორ აგიხსნათ, ზუსტად თქვენნაირი ქალები 10 წლის წინანდელ ფოტოზე მიწერდნენ - რას ჰგავხარ - ამიტომ თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა არის თქვენში.
პირველ რიგში, მიდით ფსიქოლოგთან, მეორე - კარგად ჩაიხედეთ სარკეში და დაჯექით დიეტაზე, მესამე - იმუშავეთ საკუთარ თავზე, თუ სამსახური არ გაქვთ, მეც არ მქონდა სამსახური, მაგრამ დავიწყე ახალი ცხოვრება და მოვიგონე ჩემი საქმე, ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ფეხზე დგომა, ღიმილი და ცხოვრების ხალისი დამბრუნებოდა.
თუ თქვენი თავი არ მოგწონთ, იზრუნეთ და იმუშავეთ, რომ სარკეში ჩახედვის შემდეგ მოგეწონოთ. დანარჩენებს მინდა გთხოვოთ, არ მომწეროთ, რას უხსნი ან რატომ უხსნიo. თუ ამდენი კაციჭამიადან ერთი მაინც გაიგებს, ჩემი მისია შესრულებულია. მე ვარ 48 წლის შვილმკვდარი ქალი, რომელმაც 4 წლის წინ მისი ცხოვრების მთავარი საქმე დაკარგა. ყოველდღე ვვარჯიშობ, თავზე ვზრუნავ, ჩემი ცხოვრების ახალი საქმე დავიწყე და ძალიან მომწონს, როგორც გამოვიყურები" - ამბობს მაია ასათიანი.
მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. განსაკუთრებული პოპულარობა კი საავტორო შოუ "პროფილმა" მოუტანა.
მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში კი იგი კორესპონდენტის ამპლუასაც წარმატებით ირგებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.