"არასდროს არ გავამხელ ჩემი ძმის დედის ვინაობას სანამ ცოცხალი ვარ, რადგან მე მას პირობა მივეცი" - რას ამბობს ნანუკა გულუა მოპარულ ძმაზე - Marao

"არასდროს არ გავამხელ ჩემი ძმის დედის ვინაობას სანამ ცოცხალი ვარ, რადგან მე მას პირობა მივეცი" - რას ამბობს ნანუკა გულუა მოპარულ ძმაზე

2025-11-12 11:28:59+04:00

ნანუკა გულუამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" მოახერხა მაყურებლის გულების დაპყრობა. მან სახასიათო პერსონაჟის, დოჩი ალიშბაის როლი მოირგო. ნანუკა დღემდე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს ხალხში.

ნანუკა ხშირად საუბრობს ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებსა და მშობლებზე - ეს მისი ცხოვრების ამომავალი წერტილია. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მისთვის უცნობ ძმაზე საუბარი, რომელსაც ეძებს. ამის შესახებ მან  თამუნა მუსერიძის პოდკასტში "ვეძებ" თქვა: 

"არ მახსოვს 1990-1991 წელს, ვარ 8-9 წლის და ერთ დღეს მამა გახდა ძალიან ცუდად, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ამბიდან ორი მომენტი მახსოვს, იმ დღეს მამასთან ერთად ერთ-ერთი მამაკაციც ოპერაციას იკეთებდა, მას არ ჰქონდა ფული და მამამ გადაუხადა ოპერაციის ხარჯები, ამის შემდეგ კი ამ კაცის შვილი მომანათვლინეს.  მეორე ისტორია, რაც ამ კლინიკასთან დაკავშირებით მახსოვს, არის ის, რომ მამას რაღაც ფოტო აჩვენეს, მაგრამ ჩვენ რომ დაგვინახა, ეს ფოტო ბალიშის ქვეშ დამალა. ეს ბავშვი არ აღმოჩნდა შვილი.

მამიდაჩემმა გადაიხადა ფული ამ ინფორმაციის გაგებისთვის. იმ მედპერსონალმა ფულის სანაცვლოდ მოატყუა და უთხრა სხვა ბავშვის შესახებ, მამიდაჩემმა კი იმ ბავშვის ფოტო მოიპარა და მოუტანა მამაჩემს. მახსოვს, მამას უთხრა, შენი ბიჭიაო და მახსოვს მამაჩემის სახე. ამ დროს ყველა შეგრძნება ერთად მქონდა, ეჭვიანობა, შიში, თუ რატომ უყურებდა ასეთი სიყვარულით მამაჩემი ვიღაც ბავშვს. 

არასდროს არ გავამხელ ჩემი ძმის დედის ვინაობას, სანამ ცოცხალი ვარ, რადგან მე მას პირობა მივეცი,  მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემი ძმის დედას ვესაუბრე. ძალიან გამიჭირდა მასთან საუბარი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ძალიან მაგარი ადამიანი დამხვდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან ტრაგიკული ისტორია აქვს და თან შემრცხვა, რომ ამ ჭრილობას შევეხე, თან მომერიდა, რომ შეკითხვები უნდა დამესვა, ძალიან თანავუგრძნობ, როგორც ქალი-ქალს. ძალიან თბილად დამხვდა და ორივემ გავუგეთ ერთმანეთს, მიხვდა, რატომ ვეძებ და რატომ უნდა ვიცოდე ვინ არის ჩემი ძმა.

ორი სიტყვა მითხრა - არ გეგონო ისეთი კატეგორიის ქალი, რომლისთვისაც ეს სულ ერთი იყო, ან გასაშვილებლად გააჩინა, ან სულ არ აინტერესებდაო. თქვა, რომ მისმა დედამ ისე მოაგლიჯა გულიდან და მკლავებიდან, რომ არც ჰკითხა არაფერი და მითხრა, რომ ეს მისი ცხოვრების ჯვარია და ყოველდღიური ჯოჯოხეთი. მივხვდი, რომ ის იყო უსუსური, ის არ იყო ძლიერი ქალი, მან ვერ გადაარჩინა საკუთარი შვილი. მე ამ ყველაფერში ამ ქალბატონის ბრალს ვერ ვხედავ, ცხოვრებაში პირველად, როცა ამ ქალს ვესაუბრე, გავბრაზდი მამაჩემზე, კაცზე, რომელიც გაღმერთებული გვყავს. ეგეთი ადამიანი არ არსებობს, ყველა ვინც მამაჩემს იცნობდა, იცის, რომ იყო ყველას დამხმარე, ყველას გვერდში მდგომი, უგულჩვილესი და უკეთილესი. რაღაც პერიოდი ჩვენ მატერიალურად ძალიან ძლიერად ვიყავით და ეს ყველაფერი მოხმარდა მხოლოდ და მხოლოდ მის ახლობლებს, მეგობრებს და ყველას, ვისაც სჭირდებოდა დახმარება" - ამბობს ნანუკა.

  • "შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შევიცვალე ვიზუალურად და ეს საერთოდ არ მაღელვებს..." - ნანუკა გულუა, როგორც სამი შვილის დედა

gulua

ნანუკა გულუას განვლილი გზა, ოჯახი და შვილები 

ნანუკა გულუა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. სერიალი აღწერს ბავშვობის მეგობრების – კატოს, ნინასა და თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისათვის არის საინტერესო. ნანუკა გულუა მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. დასამახსოვრებელი, ხმაურიანი და ქაოსური დოჩი ბევრისთვის საყვარელ და სახალისო პერსონაჟად იქცა - ნანუკა გულუამ კი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა. 

მსახიობობა ნანუკას ოცნება არასდროს ყოფილა. ის პროფესიით ჟურნალისტია. 

  • "37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი..." - იუბილარი ნანუკა გულუა სამადლობელ წერილს აქვეყნებს 

  • "ეს მე გავაჩინე თუ რომი შნაიდერმა?" - ნანუკა გულუა უფროსი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს 

"მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აღგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამხნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი. მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ“, - ამბობდა ნანუკა გულუა. 

პოპულარული სერიალის შემდეგ იყო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ნანუკა გულუა კიდევ 3 ცნობილ ქალთან ერთად უძღვებოდა. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში არაერთი ცნობილი გადაცემა თუ შოუ იყო და მაშინ არც კი იფიქრებდა, რომ ცხოვრების მთავარი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ იყო - ნანუკა გულუამ ყველასთვის მოულოდნელად იქორწინა კახაბერ კაშიაზე და ახლა ისინი 3 შვილს, ნინას, იკას და კირას ზრდიან.