დღეს არაერთი ქართული წარმოშობის ცნობილი სახე შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც რუსეთში წლების წინ წავიდა და კარიერა სწორედ იქ შეიქმნა, მაგალითად, მომღერალი ქეთა თოფურია, დიზაინერი თამუნა წიკლაური, მომღერალი სოსო პავლიაშვილი, მუსიკოსი თეონა კონტრიძე და სხვ.
ამ სიას მიეკუთვნება წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკიც.
კანდელაკი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი, კომპანია „აპოსტოლ მედიის“, ერთ-ერთი თანამფლობელი და 2010 წლიდან ქართული რესტორნების „თინათინის“ ქსელის დამფუძნებელი და მფლობელია. თინა კანდელაკი პუტინის მომხრეა და საკუთარი განცხადებებით ხშირად იქცევს არამხოლოდ რუსული, არამედ ქართული მედიის ყურადღებასაც.
2007 წლიდან თინა კანდელაკი აკრიტიკებდა საქართველოს პრეზიდენტ (2004-2013) მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას. 2022 წლის თებერვალში კანდელაკმა მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
თინა კანდელაკი პირველად ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინზე იყო დაქორწინებული. მათ ერთად 11 წელი გაატარეს და 2010 წელს დაშორდნენ. წყვილს ორი შვილი, ლეონტი და მელანია ჰყავს.
ლეონტი კონდრახინმა რამდენიმე წლის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარი მიიღო - ახლა მას ლეონტი კანდელაკად მოიხსენიებენ. ის ჩართულია რუსულ შოუბიზნესში, აქვს მსახიობის კარიერა და გატაცებულია მუსიკით. რუსული და ქართული მედია რამდენიმე წლის წინ აქტიურად წერდა მისი სკანდალური გამოჩენის შესახებ შოუში „ვარსკვლავების ფაბრიკა“.
მაშინ მის ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლას დედის გავლენას მიაწერდნენ - ლეონტიმ პროექტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - თქვა, რომ მას უყვარს საკუთარი ოჯახი და ეს კრიტიკა მას მხოლოდ აძლიერებს, ამის შემდეგ მიკროფონი სცენაზე დადო და ადგილი კონკურენტს დაუთმო. ლეონტის ეს საქციელი შეაქო დედამ, თინა კანდელაკმა - მან დაწერა, რომ ამაყობს შვილით და უხარია, რომ ასეთ კაცად გაზარდა.
რაც შეეხება მელანია კონდრახინს, ის უფრო ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და ქართული მედიის ინტერესის ობიექტი თითქმის არასდროს ხდება. მელანიამ 24 წლის ასაკში იქორწინა - "ჩემი ნაზი, საყვარელი, მომხიბვლელი პრინცესა მელანია გათხოვდა. მიყვარხარ უსასრულოდ. ახალი შესანიშნავი სტატუსი გამიჩნდა - უკვე ოფიციალურად სიდედრი ვარ", - წერდა თინა კანდელაკი და ქორწილის ფოტოებს აზიარებდა. „მელანია ბოროდინა“, - ასე დაასათაურა მან საქორწინო ალბომი.
მელანიას ფოტოებს თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და შვილის მიმართ სიყვარულს საჯაროდ გამოხატავს. ამჯერად ყურადღება სწორედ მელანიას ახალმა ფოტომ მიიქცია რომელსაც ქართველებიც იწონებენ, მაგალითად, თეონა კონტრიძე, ცისანა სეფიაშვილი, ირაკლი ფირცხალავა... აღნიშნავენ, რომ მელანია განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა და ძალიან ჰგავს მამას.
39 წლის ასაკში თინა კანდელაკი მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე ახალგაზრდა ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა. 47 წლის ასაკში თინა კანდელაკი მესამე შვილის დედა გახდა, რომელიც სუროგაციის გზით შეეძინა.